ევროპის უსაფრთხოება

Telegraph: საფრანგეთი მზადაა, ბირთვული იარაღი გერმანიაში განათავსოს, თუ აშშ ჯარს გაიყვანს

AFP / Scanpix

ბრიტანული გამოცემა Telegraph-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, საფრანგეთი მზადაა, გამოიყენოს საკუთარი ბირთვული შეიარაღება, როგორც შემაკავებელი ზომა ევროპის დასაცავად. 

გამოცემის ცნობით, ვინაიდან აშშ იმუქრება, რომ შესაძლოა, ევროპის კონტინენტიდან საკუთარი თავდაცვის ძალები გაიყვანოს, საფრანგეთი მზადაა, გერმანიაში ბირთვული იარაღით დატვირთული ავიაგამანადგურებლები განალაგოს. 

გერმანიის ვადამდელ ფედერალურ არჩევნებში ახლადგამარჯვებული ქრისტიან-დემოკრატების ლიდერს, ფრიდრიხ მერცს, რომელიც გერმანიის შემდეგი კანცლერი იქნება, ბრიტანეთისა და საფრანგეთისთვის ბირთვული თავდაცვის გაფართოებისკენ მოუწოდებია, ვინაიდან მას აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ამერიკისგან ევროპის "დამოუკიდებლობა" სურს. 

მერცმა 21 თებერვალს განაცხადა, რომ პარიზმა და ლონდონმა უნდა განიხილონ, "გავრცელდება თუ არა ბირთვული თავდაცვა ჩვენზეც" და დაამატა, რომ ტრამპის ამერიკა უკვე "ინდიფერენტულია ევროპის ბედის მიმართ". 

ანონიმურმა ფრანგმა ოფიციალურმა პირმა Telegraph-ს უთხრა, რომ საფრანგეთის მიერ გერმანიაში ბირთვული იარაღის განლაგება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის "ძლიერი მესიჯი" იქნებოდა, ხოლო გერმანელი დიპლომატების თქმით, ეს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ კირ სტარმერსაც აიძულებდა, იგივე გაეკეთებინა. 

"გერმანიაში რამდენიმე ფრანგული ბირთვული ავიაგამანადგურებლის განლაგება რთული არ უნდა იყოს, ეს [პუტინს] ძლიერ მესიჯს გაუგზავნიდა". - თქვა ფრანგმა მაღალჩინოსანმა. 

"თუ ფრანგები გადაწყვეტენ, რომ ბირთვული შემაკავებელი ძალები გერმანიაში განალაგონ, ეს ნამდვილად გაზრდიდა წნეხს ბრიტანელებზე, გააკეთონ იგივე. მე ასე მესმის, რომ [გერმანიის] ქრისტიან-დემოკრატების მხარეს ფიქრობენ, რომ ჩვენ ბირთვული ქოლგა გვჭირდება, ჩვენ ამ საკითხში სიტყვა უნდა გვეთქმოდეს, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამაზე სალაპარაკოდ და გვქონდეს სურვილი, გადავიხადოთ ამისთვის". - თქვა გერმანელმა დიპლომატმა. 

ცნობისთვის, დიდი ხანია, რაც აშშ-ს მიერ ევროპის კონტინენტზე, მათ შორის, გერმანიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზეც, განლაგებული 100 ბირთვული რაკეტისგან შემდგარი არსენალი ევროპის უსაფრთხოების გარანტორია. 

როგორც ერთ-ერთი წყარო გამოცემას ეუბნება, ნაკლებსავარაუდოა, საფრანგეთმა აღნიშნული იდეა ფორმალურად განახორციელოს, თუ აშშ გერმანიაში განლაგებულ ბირთვულ არსენალს არ გამოიყვანს. 

საფრანგეთის არსენალი, გავრცელებული ცნობებით, დაახლოებით 300 ბირთვულ იარაღს მოიცავს, ხოლო ბრიტანეთის Trident ბირთვული შემაკავებელი ძალები Vanguard-ის ტიპის 4 წყალქვეშა ნავს, რომელსაც ერთდროულად 16 ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია. 

კომენტარები