თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის: ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძისა და ნიკოლოზ ჯავახიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა - რეჟიმის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.
რეჟიმის მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მომდევნო სასამართლო სხდომა 12 მარტს, 13:00 საათზე გაიმართება.
მგელიაშვილმა დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა რვავე ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების შესახებ. პროკურორის განცხადებით, "ნაკლებსავარაუდოა, რომ ბრალდებულები პატიმრობაზე უფრო ნაკლებ ზომას დამორჩილდნენ".
პროკურორის მტკიცებით, არსებობს მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და "მხოლოდ პატიმრობით შეიძლება აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა და საფრთხეების განეიტრალება".
ერთ-ერთი ბრალდებულის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ ის ელექტრონული მონიტორინგით გაათავისუფლონ, აეკრძალოს თბილისში შემოსვლა, ჩამოართვან პირადობის მოწმობა და პასპორტი. ასევე დააყენა 30 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობაც.
ზვიად ცეცხლაძის ადვოკატმა სასამართლოს, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მისი დაცვის ქვეშ მყოფის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა.
ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა მოსამართლეს ბანერი გადასცა, სადაც ეწერა "თავისუფლება ნიკოლოზ ჯავახიშვილს! თავისუფლება სინდისის პატიმრებს", მეორე მხარეს კი იმ ადამიანების ხელმოწერები იყო, რომლებიც ჯავახიშვილის გათავისუფლების მოთხოვნას უერთდებიან.
როგორც ავსაჯანიშვილმა განმარტა, ბანერი სასამართლოში, როგორც მტკიცებულება არ მიუტანია, დანართის სახით, კანცელარიის საშუალებით შეიტანა სასამართლოში. მისივე თქმით, დაცვის მხარეს ნებისმიერ დროს აქვს უფლება დაწეროს განცხადება, რომელიც მტკიცებულების ნაწილი შეიძლება იყოს, შუამდგომლობა შემოიტანოს განცხადების სახით და ამ განცხადებას დანართი დაურთოს.
ბრალდების მხარის განცხადებით, დაცვის მხარე ვალდებული იყო ინფორმაცია ბრალდების მხარისთვისაც მიეწოდებინა.
ადვოკატმა სასამართლოს ხელმოწერები და თავდებობის შუამდგომლობა გადასცა.
სხდომაზე დაცვის მხარემ პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება სადავოდ გახადა, ნაწილის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა. ადვოკატებმა მოსამართლეს შესაბამისი შუამდგომლობით მიმართეს.
რაც შეეხება იმ მტკიცებულებებს, რომლის დაუშვებლად ცნობასაც ადვოკატები ითხოვენ, საუბარია კანონდარღვევით ჩატარებულ ჩხრეკებზე, შედგენილ ოქმებზე, ვიდეოკადრებზე, ასევე ადვოკატების განცხადებით, რამდენიმე საქმეში მითითებული არაა მტკიცებულების წარმომავლობა.
დაცვის მხარემ პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება სადავოდ გახადა, ნაწილის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა. ადვოკატებმა მოსამართლეს შესაბამისი შუამდგომლობით მიმართეს.
რაც შეეხება იმ მტკიცებულებებს, რომლის დაუშვებლად ცნობასაც ადვოკატები ითხოვენ, საუბარია კანონდარღვევით ჩატარებულ ჩხრეკებზე, შედგენილ ოქმებზე, ვიდეოკადრებზე, ასევე ადვოკატების განცხადებით, რამდენიმე საქმეში მითითებული არაა მტკიცებულების წარმომავლობა.
ბრალდებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან - მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა, ნიკოლოზ ჯავახიშვილს და გიორგი გორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





