რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

CNN: ტრამპის გუნდი ზელენსკის აშშ-სთან ურთიერთობის აღდგენის მნიშვნელობაზე ესაუბრა

ვოლოდიმირ ზელენსკი და კით კელოგი

CNN-ის გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდის წევრები ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის გუნდს ტრამპის კონგრესში სიტყვით გამოსვლის წინ ესაუბრნენ.

ტრამპის გუნდმა საუბრისას ხაზი გაუსვა თეთრ სახლსა და უკრაინას შორის ურთიერთობის რაც შეიძლება მალე გამოსწორების მნიშვნელობას და მოუწოდა უკრაინულ მხარეს, ქვეყნებს შორის დიალოგი კვლავ სწორ გზაზე დაეყენებინა ტრამპის სიტყვით გამოსვლამდე.

წყაროებზე დაყრდნობით, ერთ-ერთი, ვინც პრეზიდენტ ზელენსკის ამ საკითხზე ესაუბრა უკრაინასა და რუსეთში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კით კელოგია. 

4 მარტს, საღამოს საათებში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადება გაავრცელა, სადაც თეთრ სახლში მისი ვიზიტის დროს პრეზიდენტ ტრამპთან ცხარე შელაპარაკებას "საწყენს" უწოდებს. ზელენსკის თქმით, ის და მისი ჯგუფი მზად არიან აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობით გამძლე მშვიდობისთვის იმუშავონ.

მოგვიანებით, კონგრესში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ტრამპმა წაიკითხა ზელენსკის წერილი, მას მნიშვნელოვანი უწოდა და თქვა, რომ მის მიღებას აფასებს.

მედიასააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და უკრაინა წიაღისეულის ხელშეკრულების გასაფორმებლად ემზადებიან.

28 თებერვალს აშშ-ს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეხვედრა გაიმართა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ტრამპის მინისტრთა კაბინეტს შორის. 

მსოფლიოს მასშტაბით პირდაპირ რეჟიმში გადაცემული შეხვედრა უპრეცედენტოდ მწვავე კამათში გადაიზარდა ტრამპს, ზელენსკისა და ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა, ხოლო თეთრმა სახლმა შეხვედრის შემდეგ ტრამპსა და ზელენსკის შორის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია გააუქმა. 

ის, რასაც ლიდერები მინერალების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერამდე უნდა მიეყვანა, მწვავე კამათით დასრულდა. ტრამპმა ზელენსკი "მესამე მსოფლიო ომთან თამაშში" დაადანაშაულა. 

ვიცეპრეზიდენტმა ჯეიდი ვენსმა, თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტს რამდენჯერმე ჰკითხა, გაცემული დახმარების გამო გადაუხდია თუ არა მას მადლობა აშშ-სთვის. 

ზელენსკიმ მეორე დღეს, 1-ელ მარტს X-ზე გრძელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც რამდენჯერმე დაწერა, რომ უკრაინა მეტად მადლიერია აშშ-ს, აშშ-ს პრეზიდენტის, კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მიმართ. 

3 მარტს კი ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა უკრაინისთვის ყველანაირი სამხედრო დახმარების შეჩერების ბრძანება გასცა. გამოცემები ინფორმაციას თეთრი სახლისა და თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ანონიმური მაღალჩინოსნის თქმით, აშშ უკრაინისთვის ყველა მიმდინარე სამხედრო დახმარებას აჩერებს, სანამ ტრამპი არ განსაზღვრავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი მშვიდობის მიღწევის მიზნისადმი ერთგულია.

მაღალჩინოსნის თქმით, ყველა სახის აშშ-ს სამხედრო დახმარება, რომელიც ამჟამად უკრაინაში არ იმყოფება, გაჩერდება, მათ შორის ის საბრძოლო მასალებიც, რომლებიც უკვე სამხედრო თვითმფრინავებსა და ხომალდებზეა, ან პოლონეთში უკრაინისთვის მისაწოდებლად არის გამზადებული.

ხოლო CNN-ის ცნობით, რამდენიმე ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი უფროსი თანაშემწეები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ, სანამ მხარეები მინერალების შეთანხმებას დაუბრუნდებიან.

 

კომენტარები