მზია ამაღლობელის საქმე

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს

მზია ამაღლობელი

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე წერს, რომ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს

"ქართველი ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში პატიმრობაში ყოფნის შემდეგ ხვალ სასამართლოში წარდგება. ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

ქართული ოცნება ჟურნალისტების, მომიტინგეებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ დაშინების კამპანიას აგრძელებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ, ვინც თავისუფლებას იცავს". - წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.

მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.

კომენტარები