რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მარიონეტ კანდიდატ ბადრა გუნბას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. პუტინის მილოცვა კრემლის ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე ქვეყნდება.
"გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევაზე. გამარჯვებამ არჩევნებში, რომელიც ადამიანების ნების თავისუფალი გამოხატვის პირობებში ჩატარდა, დაადასტურა აფხაზი მოქალაქეების მხარდაჭერა თქვენი ძალისხმევის მიმართ, უზრუნველყოთ საშინაო პოლიტიკური სტაბილურობა და ქვეყნის პროგრესული სოციო-ეკონომიკური განვითარება". - წერია პუტინის მილოცვაში.
რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის ცნობით, მილოცვაში პუტინი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის არსებული "მეგობრული ურთიერთობები" ახალი "პრეზიდენტის" პირობებში კიდევ უფრო გაძლიერდება.
"მე მოველი, რომ რუსეთ-აფხაზეთის მეგობრული და მოკავშირეობრივი ურთიერთობები გააგრძელებს გაძლიერებას ჩვენი მოძმე ერების სასარგებლოდ". - წერს პუტინი.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, დიმიტრი მარშანის თქმით, 1-ელ მარტს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბადრა გუნბამ ხმების 54.73% მიიღო, ხოლო ადგურ არძინბამ ხმების 41.54% დააგროვა.
ოკუპირებული აფხაზეთის შემდეგი ე.წ. პრეზიდენტი კრემლის ფავორიტი მარიონეტი ბადრა გუნბა გახდება.
ცნობისთვის, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 15 თებერვალს გაიმართა.
არძინბამ ოკუპირებულ აფხაზეთში 15 თებერვალს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების დაახლოებით 36.9% აიღო, ხოლო გუნბამ - 45.8%.
15 თებერვლის "არჩევნები" ვადამდელი იყო, რადგან 2024 წლის მიწურულს თანამდებობა მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ დატოვა, ხოლო მისი მოვალეობების შემსრულებელი ბადრა გუნბა გახდა.
არალეგიტიმურ არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატი ღიად პრორუსია, თუმცა კრემლის ფავორიტი ბჟანიას თანაგუნდელი გუნბაა, რომელიც ბოლო პერიოდში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის პირველ მოადგილეს სერგეი კირიენკოს.
-
უკრაინის საგარეო: აფხაზეთში ე.წ. არჩევნების ჩატარებას ვგმობთ
-
EU: მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ ვცნობთ აფხაზეთის ე.წ. არჩევნებს
-
ლატვია ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
-
შვედეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს