რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია РИА Новости-ს ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთ ე.წ. საარჩევნო უბანზე შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მუხლით, მათ შორის ტერორიზმის მუხლით, აღძრა.
ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სვეტლანა პეტრენკომ გააკეთა.
"გამოძიების კომიტეტმა რუსეთის მოქალაქეების, რომლებიც ასევე აფხაზეთის მოქალაქეობას ფლობენ, წინააღმდეგ ჩადენილი სამართალდარღვევებისა და დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეები რამდენიმე მუხლით, მათ შორის ტერორიზმის მუხლით, აღძრა" - თქვა პეტრენკომ.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის რწმუნებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისა და შემდგომი ხმების დათვლის პროცესის დროს "ახალი თავდასხმები მოხდა რუსეთის მოქალაქეებზე".
"დაფიქსირებულია სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნისა და ხმის მიცემის პროცესისთვის ხელის შეშლის რამდენიმე ფაქტი — კერძოდ, საარჩევნო ურნების დაზიანების გზით. ერთ-ერთ შემთხვევაში სამართალდამცავების მიმართულებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაიხსნა" - ამბობს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელი.
მისი თქმით, თავდამსხმელთა ნაწილი დაკავებულია, ხოლო ერთ-ერთი მათგანის ვინაობა დადგენილია. თავმდასხმელის სახელუ ნურიკ სმირია. რუსეთის საგამოძიებუო კომიტეტის ინფორმაციით, ის "აფხაზური ძალოვანების საპასუხო ცეცხლის შედეგად დაიჭრა" და ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი. პეტრენკოს თქმით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების პროცესი გრძელდება.
აფხაზური Telegram-არხების ინფორმაციით, ნურიკ სმირი ადგურ არძინბას ნათესავია.
1 მარტს, დაახლოებით 19:30 საათზე, ოკუპირებული აფხაზეთის გაგრის განთიადის რაიონის მე-2 სკოლის ტერიტორიაზე მდებარე საარჩევნო უბანზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც დაზიანდა საარჩევნო ურნა და დოკუმენტები.
აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ერთ-ერთი "კანდიდატის" ბადრა გუნბას შტაბმა მომხდარში ადგურ არძინბას (მოსკოვის ფავორიტი კანდიდატის) მხარდამჭერები დაადანაშაულა:
"ადგურ არძინბას მხარდამჭერები, ცეცხლის გახსნითა და კომისიის წევრებისა და ამომრჩევლების დაშინებით, ნიღბებში შეჭრნენ №14 საარჩევნო ოლქის №5 უბანზე, რომელიც ცანდრიფშის №2 საშუალო სკოლაში მდებარეობს, დაამტვრიეს საარჩევნო ურნა და ბიულეტენები მიმოფანტეს".
აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელებმა გაქცევა ავტომობილებით სცადეს. მათი დაკავების მცდელობის პროცესში ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მიუსერის საკონტროლო-გამშვები პუნქტი გადაკეტეს. თავდამსხმელები არ დაემორჩილნენ გაჩერების მოთხოვნას და ცეცხლი გახსნეს. სროლის შედეგად, ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ გააკონტროლა და გზიდან გადავარდა.
რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ერთ-ერთმა "კანდიდატმა", ბადრა გუნბამ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა.
ე.წ. მეორე ტურში მონაწილეობა ორმა "საპრეზიდენტო" კანდიდატმა - ადგურ არძინბამ და ბადრა გუნბამ მიიღო. მარიონეტი პრეზიდენტის თანამდებობისთვის გუნბა მოსკოვის ფავორიტი კანდიდატია.
ცნობისთვის, 15 თებერვალს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.
არძინბამ ოკუპირებულ აფხაზეთში 15 თებერვალს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების დაახლოებით 36.9% აიღო, ხოლო გუნბამ - 45.8%.
15 თებერვლის "არჩევნები" ვადამდელი იყო, რადგან 2024 წლის მიწურულს თანამდებობა მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ დატოვა, ხოლო მისი მოვალეობების შემსრულებელი ბადრა გუნბა გახდა.
არალეგიტიმურ არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატი ღიად პრორუსია, თუმცა კრემლის ფავორიტი ბჟანიას თანაგუნდელი გუნბაა, რომელიც ბოლო პერიოდში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის პირველ მოადგილეს სერგეი კირიენკოს.
-
უკრაინის საგარეო: აფხაზეთში ე.წ. არჩევნების ჩატარებას ვგმობთ
-
EU: მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ ვცნობთ აფხაზეთის ე.წ. არჩევნებს
-
ლატვია ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
-
შვედეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს





