ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საარჩევნო უბანზე სროლა იყო

ფოტო: Эхо Кавказа

1 მარტს, დაახლოებით 19:30 საათზე, ოკუპირებული აფხაზეთის გაგრის განთიადის რაიონის მე-2 სკოლის ტერიტორიაზე მდებარე საარჩევნო უბანზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც დაზიანდა საარჩევნო ურნა და დოკუმენტები. ინფორმაციას ამის შესახებ АПСНЫПРЕСС აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელებმა გაქცევა ავტომობილებით სცადეს. მათი დაკავების მცდელობის პროცესში ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მიუსერის საკონტროლო-გამშვები პუნქტი გადაკეტეს. თავდამსხმელები არ დაემორჩილნენ გაჩერების მოთხოვნას და ცეცხლი გახსნეს.

სროლის შედეგად, ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ გააკონტროლა და გზიდან გადავარდა. ამჟამად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, განთიადში საარჩევნო უბანზე თავდასხმაში დაახლოებით 20 ადამიანი მონაწილეობდა. "არჩევნების კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის მიზნით და კომისიის წევრებისა და სამართალდამცავების სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით, დააზიანეს საარჩევნო ურნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ" – აღნიშნულია განცხადებაში.

აფხაზური მედია Нужная газета, თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, რომ "უბანზე ნიღბიანი პირები შეიჭრნენ, გახსნეს ცეცხლი, გადააყირავეს საარჩევნო ურნა, ამოიღეს ბიულეტენების ნაწილი, ნაწილი კი წყლით დაასველეს".

აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ერთ-ერთი "კანდიდატის" ბადრა გუნბას შტაბმა მომხდარში ადგურ არძინბას (მოსკოვის ფავორიტი კანდიდატის) მხარდამჭერები დაადანაშაულა:

"ადგურ არძინბას მხარდამჭერები, ცეცხლის გახსნითა და კომისიის წევრებისა და ამომრჩევლების დაშინებით, ნიღბებში შეჭრნენ №14 საარჩევნო ოლქის №5 უბანზე, რომელიც ცანდრიფშის №2 საშუალო სკოლაში მდებარეობს, დაამტვრიეს საარჩევნო ურნა და ბიულეტენები მიმოფანტეს".

ასევე ვრცელდება ვერსიები, რომ ე.წ. საარჩევნო უბანზე რამდენიმე გასროლა მოხდა, რის შედეგად ადგურ არძინბას მხარდამჭერები დაიჭრნენ.

 

რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ერთ-ერთმა "კანდიდატმა", ბადრა გუნბამ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. 

ე.წ. მეორე ტურში მონაწილეობა ორმა "საპრეზიდენტო" კანდიდატმა - ადგურ არძინბამ და ბადრა გუნბამ მიიღო. მარიონეტი პრეზიდენტის თანამდებობისთვის გუნბა მოსკოვის ფავორიტი კანდიდატია. 

ცნობისთვის, 15 თებერვალს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.

არძინბამ ოკუპირებულ აფხაზეთში 15 თებერვალს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების დაახლოებით 36.9% აიღო, ხოლო გუნბამ - 45.8%. 

15 თებერვლის "არჩევნები" ვადამდელი იყო, რადგან 2024 წლის მიწურულს თანამდებობა მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ დატოვა, ხოლო მისი მოვალეობების შემსრულებელი ბადრა გუნბა გახდა.

არალეგიტიმურ არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატი ღიად პრორუსია, თუმცა კრემლის ფავორიტი ბჟანიას თანაგუნდელი გუნბაა, რომელიც ბოლო პერიოდში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის პირველ მოადგილეს სერგეი კირიენკოს.

კომენტარები