ისრაელში, ქალაქ პარდეს ჰანა-კარკურის სიახლოვეს პალესტინელი ტერორისტი მანქანით ფეხით მოსიარულეებში შევარდა, რის შედეგადაც, ისრაელური მედიის ცნობით, სულ მცირე, 14 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულთაგან ერთ-ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ორი სერიოზულ, ხოლო სამის მდგომარეობა სტაბილურია. კრიტიკულად დაშავებული პირი 17 წლის გოგოა.
ამასთან, ამავე ტერორისტული აქტის ფარგლებში ტერორისტმა ორი პოლიციელი ცივი იარაღითაც დაჭრა. ტერორისტი პოლიციამ გაანეიტრალა.
როგორც ადგილობრივმა პოლიციამ მედიას თავდაპირველად განუცხადა, მათი ვარაუდით, თავდამსხმელი 24 წლის ისრაელელი არაბი იყო, ისრაელის ერთ-ერთი ქალაქიდან.
თუმცა სამართალდამცველმა ორგანომ მოგვიანებით განაცხადა, რომ ტერორისტი სინამდვილეში 50 წლის პალესტინელი მამაკაცი იყო დასავლეთ სანაპიროდან, რომელიც ისრაელში არალეგალურად იმყოფებოდა.
"ტერორისტმა ავტობუსის გაჩერებაზე მყოფ ადამიანებს [მანქანით] გადაუარა, რის შემდეგაც სხვა ადამიანები სახრახნისით დაჭრა და საპოლიციო მანქანას დაეჯახა". - თქვა ისრაელის პოლიციის პრესსპიკერმა.





