ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

თანამშრომლობის შეჩერების საფუძველი საქართველოს მიერ ევროპული გზიდან გადახვევაა – ოზდემირი

გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური მინისტრი, ჩემ ოზდემირი

გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური მინისტრის, ჩემ ოზდემირის თქმით, გერმანია საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობას ქართული ოცნების მიერ ევროპული გზიდან გადახვევის გამო აჩერებს. ამის შესახებ ოზდემირი ივანიშვილის განათლების მინისტრის, ალექსანდრე წულაძისთვის გაგზავნილ წერილში წერს, რომელიც RND-მ მოიპოვა.

"უკვე ორ თვეზე მეტია, საქართველოში ხალხი მშვიდობიან დემონსტრაციებს მართავს თავისი ევროპული მომავლისთვის. დემონსტრანტებს შორის ასევე არის უამრავი მეცნიერი, რომლებიც მხარს უჭერენ თავისუფალ მეცნიერებას და ევროინტეგრაციას. აკადემიური თავისუფლება დაცული უნდა იყოს. ეს არის ასევე ორ ქვეყანას შორის წინა თანამშრომლობის საფუძველი.

საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ და საქართველოში აკადემიური თავისუფლების მზარდი შეზღუდვა ხელს უშლის ჩვენი თანამშრომლობის მიზნების განხორციელებას. ამიტომ, მე გადავწყვიტე შევაჩერო დაგეგმილი თანამშრომლობა თქვენს სამინისტროსთან". - წერს ოზდემირი.

ამასთან, გამოცემა წერილზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ოზდემირი ანალოგიურ მიდგომას ურჩევს გერმანიის სამეცნიერო ორგანიზაციების ალიანსს და ასევე, თავის კოლეგებს ევროკავშირი, რადგან "თავისუფალი საზოგადოება მეცნიერებისთვის აუცილებელი საფუძველია".


გუშინ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო საქართველოსთან თანამშრომლობას აღარ განაახლებს.

გერმანიის ელჩის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების ფარგლებში შეწყდება სტუდენტთა მობილობა, ასევე საქართველოს მონაწილეობა კვლევებსა და ევროკავშირის პროგრამებში.

კომენტარები