ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩევლის, მაიკ უოლცის თქმით, იშვიათ წიაღისეულზე შეთანხმებით სარგებელს როგორც აშშ, ისე უკრაინა ნახავს, ეს ეკონომიკური ინვესტიცია კი "საუკეთესო უსაფრთხოების გარანტიაა, რომლის იმედიც უკრაინას შეიძლება ჰქონდეს".
ამის შესახებ უოლცმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.
"თუმცა, ამას [უკრაინის რესურსებს] ინვესტიცია დასჭირდება, რათა მაქსიმალურ შესაძლებლობას მიაღწიოს. ასე რომ, ჩვენი პოზიცია არის, რაღაც გაცილებით უფრო დიდის 50%, ნამცხვრის გაზრდა უკეთესია, ვიდრე 100% იმის, სადაც ისინი ახლა არიან. ამიტომ, მოდით, ეკონომიკური პარტნიორობის ფარგლებში ერთად გავზარდოთ.
რა თქმა უნდა, აშშ დაიცავს ქონებას, რომელშიც ჩვენ დავაბანდეთ. ეს შეიძლება ნიშნავდეს ტრილიონებს არა მხოლოდ უკრაინელი ხალხისთვის, არამედ ჩვენთვისაც და სტაბილურობას რეგიონისთვის. ეს ეკონოკომიკური ინვესტიცია საუკეთესო უსაფრთხოების გარანტიაა, რომლის იმედიც უკრაინას შეიძლება ჰქონდეს". - თქვა უოლცმა.
ცნობისთვის, ზელენსკიმ უარი თქვა ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნაზე, ომის დაწყებიდან, 3 წლის განმავლობაში აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების "ასანაზღაურებლად", უკრაინას 500 მილიარდი დოლარის ღირებულების იშვიათი წიაღისეული გადაეცა აშშ-სთვის.
ზელენსკიმ 15 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა, რომ უკრაინა აშშ-სთან მინერალების შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად მზად არ იყო. მისივე თქმით, დოკუმენტი უკრაინისთვის წიაღისეულის სანაცვლოდ რაიმე უსაფრთხოების გარანტიების მიცემას ან რაიმე მსგავსს არ ითვალისწინებდა.
მოგვიანებით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 თებერვალს მკვეთრად გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ფაქტობრივად უკრაინას ომის დაწყებაში დასდო ბრალი მას შემდეგ, რაც აშშ-სა და რუსეთის დელეგაციები უკრაინაში ომის დასამთავრებლად მოლაპარაკებებისთვის ერთმანეთს საუდის არაბეთში შეხვდნენ. მოგვიანებით, ტრამპმა ზელენსკის "დიქტატორი" უწოდა.
თუმცა, 21 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკული და უკრაინული მხარეები მუშაობდნენ, რათა წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას მიეღწიათ.
მოგვიანებით, 23 თებერვალს აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა გამოცემა Financial Times-ში უკრაინასთან იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაზე სტატიას გამოაქვეყნა, სათაურით "ეკონომიკური პარტნიორობა უკრაინელ ხალხსა და აშშ-ს გადასახადის გადამხდელს დაიცავს".
მინისტრი წერდა, რომ ტრამპი ამერიკელი და უკრაინელი ხალხის ინტერესების თანხვედრაში მოყვანას ცდილობს და ხაზს უსვამდა, რომ ეროვნული უსაფრთხოება და ეკონომიკური უსაფრთხოება ერთმანეთთან დაკავშირებულია. ბესენტი განმარტავდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული პარტნიორობა რუსეთს გაუგზავნიდა გზავნილს, რომ აშშ-სთვის უკრაინის სუვერენიტეტი მნიშვნელოვანია და ამით გრძელვადიან მშვიდობას საფუძველს ჩაუყრიდა.
ამავე დღეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მე-3 წლისთავამდე ერთი დღით ადრე, ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ არ აპირებს აშშ-სთან ხელი მოაწეროს მინერალებზე შეთანხმებას, თუ ეს ნიშნავს, რომ მისი გადახდა უკრაინელების 10 თაობას მოუწევს.
უკრაინის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ მინერალებზე შეთანხმებაში მთავარი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროება უნდა იყოს და დაამატა, რომ მსგავსი გარანტიების არ არსებობის შემთხვევაში, უკრაინა აშშ-სთან შეთანხმებას ხელს არ მოაწერს.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის ხელმოწერილი შეთანხმება ორივე მხარისთვის უნდა იყოს მომგებიანი, რადგან, მისი თქმით, "ტრამპი მარადიული არ არის", ხოლო უკრაინას მშვიდობა მრავალი წლით სჭირდება.





