ივანიშვილის წარმომადგენლის, მიხეილ ყაველაშილის ადმინისტრაცია TV პირველს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
"ვეხმიანებით, "ტელეკომპანია პირველის" მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს 23 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პირმა, გიორგი პაპაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ განხორციელებული შეწყალების აქტის შედეგად დატოვა საპატიმრო" - ამის შესახებ ივანიშილის წარმომადგენლის, მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.
TV პირველმა გაავრცელა ინტერვიუ დაზარალებულის ოჯახის ადვოკატთან, სადაც უფლებადამცველი ამბობს, რომ ორთაჭალაში სასტიკად მოკლული ახალგაზრდა კაცის, თამაზ მთივლიშვილის საქმეში ორი ბრალდებული, რომლებმაც, სავარაუდოდ, საქართველო დატოვეს, ამნისტირებული ან შეწყალებული პირები არიან.
"ორივე პირი, რომელმაც დატოვა საქართველოს საზღვარი, ნასამართლევია და ჩვენი ინფორმაციით, მათ ახლახან დატოვეს საპატიმრო დაწესებულება. დასაზუსტებელია ეს არის ამნისტირებული თუ შეწყალებული პირი. ჩემი ინფორმაციით, ნარკოტიკულ დანაშაულზე იხდიდნენ [სასჯელს]" - ამბობს ადვოკატი TV პირველთან.
ორთაჭალაში, ახალგაზრდა კაცის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ 5 პირს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
5-დან 4 პირს - ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძეს, ბაირამ ალი გუსეინოვს პროკურატურა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, 1-ს გიორგი პაპაშვილს კი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას.
ბაირამ ალი გუსეინოვი და გიორგი პაპაშვილი მიმალვაში არიან, მათ პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ. პროკურორის განცხადებით, მიმალვაში მყოფმა ბრალდებულებმა ქვეყანა დატოვეს.





