რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

გავკოვსკის თქმით, პოლონეთი Starlink-ზე უკრაინის წვდომას აფინანსებს და დაფინანსებას გააგრძელებს

პოლონეთის ციფრული საკითხების მინისტრი და ვიცეპრემიერი, კრიშტოფ გავკოვსკი ამბობს, რომ ამჟამად პოლონეთი უკრაინაში ილონ მასკის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის სისტემაზე წვდომას აფინანსებს და მის დაფინანსებას გააგრძელებს. 

ამის შესახებ გავკოვსკი X-ზე წერს

"ჩვენ უკრაინაში სატელიტური ინტერნეტის აბონემენტის საფასურს ვიხდით და გავაგრძელებთ მის გადახდას. ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმეს შეუძლია, გადაწყვიტოს, რომ ბიზნეს ხელშეკრულება გაწყვიტოს კომერციული მომსახურებისთვის, რომელშიც პოლონეთი მხარეს წარმოადგენს". - თქვა გავკოვსკიმ. 

მანამდე, Reuters-მა საკითხზე ინფორმირებულ 3 ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ექსკლუზიური ინფორმაცია გაავრცელა, რომ იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაზე ხელის არმოწერის შემთხვევაში, შესაძლოა, უკრაინას ილონ მასკის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის სისტემაზე წვდომა შეეზღუდოს.

მოგვიანებით, ილონ მასკმა უარყო ცნობა, რომ მინერალებზე შეთანხმებაზე უარის შემთხვევაში კიევს, შესაძლოა, Starlink-ის ინტერნეტზე წვდომა შეეზღუდოს. 

ცნობისთვის, ზელენსკიმ უარი თქვა ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნაზე, ომის დაწყებიდან, 3 წლის განმავლობაში აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების "ასანაზღაურებლად", უკრაინას 500 მილიარდი დოლარის ღირებულების იშვიათი წიაღისეული გადაეცა აშშ-სთვის. ზელენსკიმ 15 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა, რომ უკრაინა აშშ-სთან მინერალების შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად მზად არ იყო. მისივე თქმით, დოკუმენტი უკრაინისთვის წიაღისეულის სანაცვლოდ რაიმე უსაფრთხოების გარანტიების მიცემას ან რაიმე მსგავსს არ ითვალისწინებდა. 

თუმცა, 21 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკული და უკრაინული მხარეები მუშაობდნენ, რათა წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას მიეღწიათ. 

ამასთან, Reuters-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, უკრაინასთან წიაღისეულზე წვდომის შესახებ გამარტივებული შეთანხმების დადებას ცდილობს, რათა ის სწრაფად იქნეს მიღწული, ხოლო კონკრეტული პირობები შემდგომი მოლაპარაკებების შედეგად ჩამოყალიბდეს, მაგალითად, წიაღისეული რესურსების რა ნაწილი გადაეცემა აშშ-ს.

გამოცემა Wall Street Journal-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი,  აშშ და უკრაინა წიაღისეულის შესახებ შეთანხმების მიღწევას უახლოვდებიან და ის შესაძლოა დღესაც კი, 22 თებერვალს გაფორმდეს. 

კომენტარები