რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Reuters: ტრამპი შესაძლოა, უკრაინასთან წიაღისეულზე გამარტივებული შეთანხმების მიღწევას ცდილობს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Sven Hoppe/Pool via REUTERS

Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, უკრაინასთან წიაღისეულზე წვდომის შესახებ გამარტივებული შეთანხმების დადებას ცდილობს, რათა ის სწრაფად იქნეს მიღწული, ხოლო კონკრეტული პირობები შემდგომი მოლაპარაკებების შედეგად ჩამოყალიბდეს, მაგალითად, წიაღისეული რესურსების რა ნაწილი გადაეცემა აშშ-ს. გამოცემა ინფორმაციას 2 ანონიმურ და საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ეს გეგმა უკავშირდება გასულ კვირაში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ აშშ-ს შეთავაზებაზე უარის თქმას, რომლის მიხედვითაც უკრაინისთვის გაცემული სამხედრო დახმარების სანაცვლოდ, ვაშინგტონი უკრაინის იშვიათი წიაღისეულის 50%-ს მიიღებდა, მათ შორის, გრაფიტს, ურანს, ტიტანს და ლითიუმს. 

წყაროების თქმით, სრული შეთანხმების მიღწევა დიდ დროს საჭიროებს, თუმცა დონალდ ტრამპს სურს, რომ უკრაინასა და აშშ-ს შორის პაქტი, თუნდაც არასრული ფორმით, დადებული იყოს სანამ კიევისთვის უფრო მეტი სამხედრო დახმარების გადაცემის ავტორიზაციას გასცემს ან სანამ ომის შესახებ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებში წინ წაიწევს. 

Reuters-ის ცნობით, უკრაინასა და რუსეთში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კით კელოგი 19 თებერვლიდან კიევშია, რათა ზელენსკისთან ერთად შეთანხმების თავდაპირველი სახე განიხილოს და მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სჭირდება უკრაინას შეთანხმებაზე ხელის მოწერის სანაცვლოდ.

ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კელოგს 20 თებერვალს შეხვდებოდა და დაამატა, რომ "ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა - და ზოგადი თანამშრომლობა ამერიკასთან - კონსტრუქციული იყოს". 

როდესაც Reuters-მა ტრამპის ერთ-ერთ ანონიმურ მრჩეველს ჰკითხა, გააგრძელებდნენ თუ არა ამერიკელი მაღალჩინოსნები წიაღისეულის შესახებ შეთანხმების მიღწევაზე მუშაობას, მან უპასუხა, რომ "აუცილებლად, ჩვენ გვჭირდება, რომ ეს კაცი [ზელენსკი] რეალობაში დავაბრუნოთ".

თეთრ სახლს Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. 

გასული 3 წლის განმავლობაში, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, აშშ-მ უკრაინას მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გადასცა. აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ს ინვესტიცია უკრაინის იშვიათ წიაღისეულში უზრუნველყოფდა იმას, რომ აშშ "რაღაც ფორმით ამ ფულს უკან დაიბრუნებდა". ტრამპს სურს, რომ კიევმა აშშ-ს გაცემული სამხედრო დახმარების ასანაზღაურებლად 500 მილიარდი დოლარის ღირებულების წიაღისეულზე წვდომა მისცეს. 

ცნობისთვის, ზელენსკიმ 15 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა, რომ უკრაინა აშშ-სთან მინერალების შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად მზად არ არის. მისივე თქმით, დოკუმენტი არ არის მზად უკრაინისა და მისი ინტერესების დასაცავად. 

"ნება არ დავრთე მინისტრებს, რომ შეთანხმებისთვის ხელი მოეწერათ, რადგან, ჩემი აზრით, ის ჩვენი და ჩვენი ინტერესების დასაცავად მზად არ არის". - თქვა ზელენსკიმ. 

ზელენსკის თქმით, აშშ-ს ფინანსთა მინისტრ, სკოტ ბესენტის პრეზენტაციის შემდეგ შეთანხმებისთვის ხელის მოწერაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ მანამდე მისი გამოკვლევა და სხვებისგან რჩევის მოსმენა იყო საჭირო. 

"მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში ინვესტიციებზე ვილაპარაკოთ და ეს ჩვენმა იურიდიულმა ექსპერტებმა სიღრმისეულად უნდა გამოიკვლიონ. შეგვიძლია, განვიხილოთ, როგორ გადავანაწილებთ მოგებებს (მინერალური რესურსების შეთანხმებიდან), თუკი ის უსაფრთხოების შეთანხმებასთან იქნება დაკავშირებული". - თქვა ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ შეთანხმება უსაფრთხოების შეთანხმება არ იყო და მასში "არ არის უსაფრთხოების გარანტიები", რის გამოც მისთვის ხელის მოწერა ამჟამად უკრაინის "ინტერესში არ არის". 

კომენტარები