ბატონო უილსონ, თქვენს გამოსვლაში რომ გულწრფელი ყოფილიყავით, ასევე დაგმობდით ე.წ. ფარს არჩევნებს ოკუპირებულ აფხაზეთში. მაგრამ ახლა მინდა გადავიდე არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს შეეხება. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ჩატარდა პოლიტიკურად პლურალისტურ გარემოში და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად დაინერგა ელექტრონული ტექნოლოგიები, ამ არჩევნების ორგანიზება აქამდე ჩატარებული ნებისმიერი არჩევნებზე ბევრად უკეთესი იყო.
უცხოელი პოლიტიკოსების გარკვეულმა ჯგუფმა, მათ შორის ბატონმა უილსონმაც, გადაწყვიტა არ ეცნო არჩევნების შედეგები და შეუჩერებლად გაევრცელებინა სრულიად დაუდასტურებელი ბრალდებები და დეზინფორმაცია. ევროპის პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა კი ბრალი დასდო ეუთოს/ოდირს და ვციტირებ: „ის იმ რეჟიმების გავლენის ქვეშ იმყოფება, რომლებსაც თავისუფალი არჩევნები არ აინტერესებთ.“ მსგავსი განცხადებები არამარტო ეუთოს რეპუტაციის მთლიანობის შერყევას ისახავს მიზნად, ასევე მიუთითებს ქართველი ხალხის შეგნებული არჩევანის მიმართ სრულ უპატივცემულობაზე.
ჩვენ ასევე ღრმად შეშფოთებულნი ვართ იმ ზეწოლით, რომელიც გარკვეული პოლიტიკური და უცხოური ჯგუფების მხრიდან განხორციელდა ეუთოს/ოდირის მისიის მიმართ, რათა გავლენა მოეხდინათ მისი საბოლოო ანგარიშის შინაარსზე, ასევე იმ ჩარევით, რაც ამ პოლიტიკოსებმა წინასაარჩევნო პროცესში განახორციელეს.
ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის მნიშვნელობას და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ურყევი პატივისცემითა და მხარდაჭერით მოეპყრონ ამომრჩეველთა თავისუფლად გამოხატულ ნებას, აღიარონ ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხის სუვერენული უფლებებისადმი მტკიცე ერთგულებით. გარდა ამისა, არ არსებობს არცერთი საერთაშორისო, სანდო ორგანიზაციის ანგარიში, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა.