რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მიუღებელია – ლავროვი უკრაინაში NATO-ს ქვეყნების სამხედროების განთავსების შესაძლებლობაზე

REUTERS/Maxim Shemetov/Pool

ერ-რიადში აშშ-ს დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ მოსკოვისთვის უკრაინაში NATO-ს წევრი ქვეყნების ჯარების განლაგება მიუღებელია.

"კვლავ NATO-ს ქვეყნების შეიარაღებული ძალების სამხედროების გამოჩენა სხვისი დროშის, ევროკავშირის ქვეშ, ან ეროვნული დროშების ქვეშ ამ მხრივ არაფერს ცვლის. ეს ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია." - თქვა ლავროვმა.

აქამდე, გავრცელებული ცნობების მიხედვით, ევროპულ ქვეყნებში უკრაინაში სამხედროების სამშვიდობო ეგიდით გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავდნენ. 

გასულ დღეებში უკრაინაში სამხედროების განლაგებისთვის მზადყოფნა ღიად გამოთქვა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა.  უკრაინასა და რუსეთში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კით კელოგმა კი თქვა, რომ დონალდ ტრამპი უკრაინაში სამშვიდობო სამხედრო კონტინგენტის გაგზავნას არ გამორიცხავს.

18 თებერვალს, საუდის არაბეთში უკრაინის ომის საკითხზე, ასევე ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობებზე აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრაზე მხარეები ერთმანეთის ქვეყნებში ელჩების დანიშვნაზე შეთანხმდნენ. ცნობილი გახდა, რომ მალე დაიწყებენ უკრაინის ომის მოსაგვარებელ პროცესზე მუშაობას და მას შემდეგ, რაც აშშ საკუთარ წარმომადგენელს დაასახელებს, საპასუხო ნაბიჯს გადადგამს რუსეთიც. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოიხსნება ის წინაღობებიც, რომლებიც რუს დიპლომატებს აშშ-სთან მიმართებით მუშაობას ურთულებდა.

კომენტარები