ცეცხლის შეწყვეტა

WP: ევროპა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მხარდასაჭერად, ჯარის გაგზავნაზე მსჯელობს

გერმანელი სამხედროები
Sean Gallup/Getty Images

გამოცემა The Washington Post წერს, რომ ევროპა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნას გეგმავს, მაგრამ ამავდროულად ამ ნაბიჯის გადასადგმელად აშშ-ს მხარდაჭერა სჭირდება.

გამოცემა ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სავარაუდო კონტინგენტის რაოდენობა, რომელიც ევროპამ შესაძლოა უკრაინაში განათავსოს 25 000-დან 30 000 ჯარისკაცამდე მერყეობს. 

WP-ს წყაროების თქმით, ევროპელ სამხედროებს არ განათავსებენ ფრონტის ხაზთან ახლოს, მაგრამ სამშვიდობო ჯარს ექნება უფლება ჩაერთოს კონფლიქტში, თუ რუსეთი ომს განაახლებს.

გამოცემის ინფორმაციით, ყველაზე დიდი სამხედრო ძალის გამოყოფას საფრანგეთი გეგმავს, სხვადასხვა მონაცემით ქვეყანას უკრაინაში 10 000-მდე ჯარისკაცის განთავსება შეუძლია.

აშშ-მ წარსულში განაცხადა, რომ საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტის განთავსების იდეას არ ეწინააღმდეგება, იმ პირობით, რომ უკრაინის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას არ მიიღებენ ამერიკელი ჯარისკაცები.

ცოტა ხნით ადრე, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მზად არის სამშვიდობო მისიის შესასრულებლად უკრაინაში ჯარი განათავსოს.

უკრაინაში ჯარის განთავსებას ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს შვედეთის პრემიერმინისტრი ულფ კრისტერსონი.

აშშ-ს ბოლო განცხადების თანახმად საუდის არაბეთში უკრაინის ომის საკითხზე აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლები 18 თებერვალს შეხვდებიან. მოლაპარაკებებზე არ არიან დაპატიჟებული არც უკრაინა და არც უკრაინის მოკავშირე ევროპის ქვეყნები.

კომენტარები