ვადამდელი არჩევნები გერმანიაში

გერმანია – ევროპის გასაღები

ვადამდელი არჩევნები გერმანიაში

გერმანია – ევროპის გასაღები

23 თებერვალს გერმანიაში საკანონმდებლო ორგანოს, ბუნდესტაგის ვადამდელი არჩევნები გაიმართება. არჩევნების შედეგებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ გერმანელებისთვის, არამედ მთლიანად ევროკავშირისთვის, რუსეთთან ომში მყოფი უკრაინისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი საქართველოსა და მოლდოვისთვის, ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განვითარებისთვის. 

გერმანიის, როგორც ევროკავშირის პოლიტიკური და ფინანსური ლიდერის პრიორიტეტები, როგორც წესი ასახვას პოვებს სხვა ევროპულ ქვეყნებში და ხშირად არის სამაგალითო ამ ქვეყნების პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესში.

მერკელის ეფექტი

ნამდვილად ბედის ირონიაა, როდესაც გერმანიის კანცლერს, სოციალ-დემოკრატ ოლაფ შოლცს ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი და სავარაუდოდ მომავალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი ეკონომიკის გაუარესებასა და მიგრაციულ კრიზისში სდებს ბრალს. ბედის ირონია იმიტომ, რომ სწორედ ქრისტიან-დემოკრატი ანგელა მერკელის 16 წლიანმა მმართველობამ გახადა გარდაუვალი ეკონომიკური სტაგნაცია და მიგრაციული კრიზისი, რამაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქვეყნის და მთლიანად ევროკავშირის უსაფრთხოებას და ეკონომიკურ მდგრადობას.

ავტორიტარულ, აგრესიულ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკურმა კავშირებმა მერკელის მმართველობის პერიოდში პიკს მიაღწია. 2022 წლის თებერვლამდე გერმანიის პოლიტიკური ისტებლიშმენტი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, რუსეთთან "ჩრდილოეთის ნაკადების" მშენებლობას და რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების მკვეთრ ზრდას საერთოდ არ აღიქვამდა უსაფრთხოების გამოწვევად. 

ამ დროს, პარალელურად ატომურ ენერგეტიკაზე უარის თქმით მერკელმა გერმანია და ევროპის დიდი ნაწილი ფაქტობრივად გაწირა პუტინის მხრიდან ენერგეტიკული შანტაჟისთვის. გერმანიის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალის, ავტოწარმოების სფეროს სტრატეგიული აქცენტის გადატანა ჩინეთზე, რომელიც 2016 წელს გერმანიის მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა, ასევე ანგელა მერკელის პოლიტიკის შედეგი გახლავთ. რად ღირს თუნდაც იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ კანცლერობის პერიოდში ჩინელ კოლეგას მერკელი 12-ჯერ ესტუმრა.

ჩინეთთან და  რუსეთთან სავაჭრო კავშირების გაზრდამ და ეკონომიკური პოლიტიკის დივერსიფიკაციაზე უარის თქმამ მოიტანა მსხვილი ეკონომიკური სარგებელი მოკლევადიან პერსპექტივაში, თუმცა, მნიშვნელოვნად აზარალა გერმანული ეკონომიკა სტრატეგიულ ჭრილში. ამასთან მერკელი სისტემატიკურად უგულებელყოფდა უსაფრთხოების საკითხებს. მაგალითად გერმანია, რომლის ბიუჯეტის პროფიციტმა 2018 წელს 60 მილიარდ ევროს მიაღწია, თავდაცვის ბიუჯეტში მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე ნაკლებს ხარჯავდა, რითაც არღვევდა ნატოს შეთანხმებას და ნებსით თუ უნებლიედ სხვა ქვეყნებსაც უბიძგებდა მსგავსი დამოკიდებულებისკენ.

წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, რომ მერკელის ნების შესაბამისად გერმანიაში თანამედროვე 5G ტექნოლოგიების დანერგვა აშშ მთავრობის მიერ შპიონაჟში ეჭვმიტანილმა ჩინურმა კომპანია "ჰუავეიმ" განახორციელა. ხოლო მერკელის მიგრაციულმა პოლიტიკამ, რომლის შედეგად მხოლოდ 2015 წელს გერმანიაში აზიიდან მილიონზე მეტი დევნილი შევიდა, მთლიანად შეცვალა გერმანიის და ევროკავშირის პოლიტიკური ლანდშაფტი, მნიშვნელოვნად განაპირობა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან ევროკავშირის დატოვება, დაასუსტა ევროკავშირი და გააძლიერა რეაქციული ძალები.

საიმიგრაციო პოლიტიკის რეფორმა – არჩევანი ცუდსა და უარესს შორის

გამოკითხვების მიხედვით მიგრაციული პოლიტიკა გერმანელი ამომრჩევლისთვის ყველაზე აქტუალური საკითხია, ამიტომ მის განხილვას მეტი დრო დავუთმოთ.

სამწუხაროდ, აზიის ომებს და კონფლიქტებს გამოქცეული დევნილების დიდი ნაწილი სრულფასოვნად ვერ ინტეგრირდა ევროპულ საზოგადოებაში. გერმანიაში გახშირებული ტერაქტების უკან კი უმეტეს შემთხვევებში სწორედ აზიელი მიგრანტები დგანან. ეთიკური თვალსაზრისით ამ თემაზე საუბარი რთულია, თუმცა, რაკი საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება გერმანელი ამომრჩევლებისთვის პრიორიტეტული საკითხია, აუცილებლად გასათვალისინებელია, რომ ხმის მიცემის დროს უამრავი გერმანელი სწორედ ამ პრიზმიდან მიიღებს გადაწყვეტილებას.

გერმანიის სამი ყველაზე რეიტინგული პარტია მხარს უჭერს მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებას, თუმცა, მათ შორის ძირეული განსხვავებებია. მაგალითად, რეიტინგით მეორე, "ალტერნატივა გერმანიისთვის" ულტრა-მემარჯვენე და ბევრისთვის ნაწილობრივ ექსტრემისტული პოლიტიკური პარტიის პოპულარობა ფაქტობრივად მთლიანად განპირობებულია მისი მკაცრი (უფრო ზუსტად, ყველაზე მკაცრი) ანტიიმიგრაციული პოზიციით. 

"ალტერნატივა გერმანიისთვის" მოითხოვს მიგრაციის მკაცრ შეზღუდვას, საზღვრების დახურვას, თავშესაფრების გაუქმებას და მასობრივ დეპორტაციებს. რაკი ეს პარტია შედარებით ახალი და ნაკლებად ტრადიციულია მის სხვა პრიორიტეტებსაც გადავხედოთ: “ჩრდილოეთის ნაკადის” აღდგენა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტა, ევროკავშირთან გერმანიის დისტანცირება, რუსეთთან ვაჭრობის და თანამშრომლობის აღდგენა.

ოლაფ შოლცის პარტია სოციალ-დემოკრატები ასევე მომხრეა მიგრაციული პოლიტიკის შეცვლის, თუმცა, გაცილებით ლიბერალური ფორმით. პარტია წინააღმდეგია არალეგალური მიგრაციის, აქცენტს აკეთებს მიგრანტთა ინტეგრაციის პროგრამებზე და ევროკავშირის ფარგლებში ერთიანი პოზიციის გამომუშავებაზე. ოლაფ შოლცს კარგად ესმის რომ მიგრაციული კრიზისი არ არის მხოლოდ გერმანული გამოწვევა. მაგალითად საბერძნეთი და იტალია, რომლებმაც აზიის და აფრიკის ქვეყნებიდან (გეოგრაფიული მდებარეობის გამო) სხვა ქვეყნებზე ბევრად მეტი მიგრანტი მიიღეს სისტემატიკურად მოითხოვენ ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან მეტი მიგრანტის მიღებას და სოლიდარობის პოლიტიკის დაცვას.

პირიქით, პოლონეთი და ავსტრია განსხვავებული მოსაზრებებით, მაგრამ ორივე კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან აზიელი და აფრიკელი მიგრანტების მიღებას. გერმანიის მიერ საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილება, ანუ გამკაცრება ავტომატურად გამოიწვევს რომელიმე სხვა ევროპულ ქვეყანაში (ქვეყნებში) მიგრანტების რაოდენობის ზრდას და წარმოშობს დაძაბულობას ევროპელ პარტნიორებს შორის. ევროპელ პარტნიორებს შორის უთანხმოებას კი ოლაფ შოლცი მაქსიმალურად ერიდება, რადგან როგორც ჩანს სხვაზე უკეთ ესმის ისტორიის ამ რთულ ეტაპზე ევროკავშირის კონსოლიდაციის მნიშვნელობა.

მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრების მომხრეა დღეისთვის ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური გაერთიანება ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი ფრიდრიხ მერცი, რომელსაც რეალურად ცოტა რამ თუ აქვს საერთო ამ პოლიტიკური გაერთიანების ყოფილ ლიდერ ანგელა მერკელთან. დღევანდელი ქრისტიან-დემოკრატები აღიარებენ მიგრაციის საჭიროებას, თუმცა, ემიჯნებიან 2015 წლის მერკელის ღია მიდგომებს. მხარს უჭერენ ლეგალური ე.წ. კვალიფიციური მიგრაციის (გულისხმობს მიგრანტებისთვის ქულების მინიჭებას მათი საინტეგრაციო პროგრამებში ჩართულობის საფუძველზე) და მოითხოვენ რეგულაციების გამკაცრებას და ევროკავშირის გარეთ თავშესაფრების განთავსებას. თუმცა, მისმა საკანონმდებლო ინიციატივამ მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრების თაობაზე საზოგადოების ნაწილის მძაფრად ნეგატიური რეაქცია გამოიწვია.

აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, მსახიობები, პოპულარული ადამიანები დაუპირისპირდნენ როგორც ინიციატივას, ასევე იმ ფაქტს, რომ ეს ინიციატივა მხარდაჭერილი იქნა ზემოთ ხსენებული პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" მიერ. საბოლოოდ ინიციატივა ჩავარდა. თუმცა, საზოგადოების ამ ნაწილის პროტესტი ვერ ცვლის მთავარ მოცემულობას - ამომრჩევლების მთავარი პოლიტიკური დაკვეთა მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებაა და მიგრაციის პოლიტიკის შედარებით ზომიერ ცვლილებაზე მემარცხენე ელიტის ამგვარმა უარყოფითმა რეაქციამ  შესაძლოა საპირისპირო შედეგი მოიტანოს და საარჩევნოდ გააძლიეროს მათთვის (და არამარტო მათთვის) ყველაზე მიუღებელი პარტიის, კერძოდ “ალტერნატივა გერმანიისთვის” პოზიციები.

იმედია, გერმანიაში არ გამეორდება ნიდერლანდების მაგალითი. 2023 წელს ნიდერლანდების ლიდერის მემარჯვენე-ცენტრისტი მარკ რუტეს (ნატოს ამჟამინდელი გენერალური მდივანი) ინიციატივა საიმიგრაციო პოლიტიკის ნაწილობრივი გამკაცრების თაობაზე, სამთავრობო კოალიციაში მათი პარტნიორი მემარცხენე პარტიების მიერ დაიბლოკა. უთანხმოება გახდა მთავრობის დაშლის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მიზეზი, ხოლო ახალ არჩევნებში მკვეთრად მემარჯვენე პარტიამ გაიმარჯვა, რომელიც მიგრანტების უფლებების გაცილებით მკაცრ შეზღუდვას მოითხოვს, მაგალითად, მუსლიმი მიგრანტებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვას უჭერს მხარს.

თავს უფლებას მივცემ და ამ თავს ცოტა პათეტიკურად შევაჯამებ - თუ უსაფრთხოების საკითხებს უგულებელყოფ, არ ხარ პოლიტიკოსი, ხოლო თუ ადამიანის უფლებების მნიშვნელობას ვერ იაზრებ, არ ხარ ევროპელი. აქ მიუღებელია მორალური კომპრომისებით ხელმძღვანელობა, თუმცა, პოლიტიკოსებმა უნდა მოახერხონ რთული, მაგრამ მაქსიმალურად ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება.

შოლცი – ყველაზე დაუფასებელი პოლიტიკოსი

ვთვლი, რომ ოლაფ შოლცი ყველაზე დაუფასებელი თანამედროვე ევროპელი პოლიტიკოსია. ადრეც აღმინიშნავს, რომ გერმანიას, ევროკავშირს, საქართველოს და უკრაინას ძალიან გაუმართლა რომ გერმანიის ლიდერი დღეს და ახლა სწორედ ოლაფ შოლცია.

მახსოვს უკრაინაში რუსეთის შეჭრის მომდევნო დღეებში გერმანელი და ევროპელი პოლიტიკოსები აცხადებდნენ, რომ რუსული ენერგორესურსებიდან სრულ გათავისუფლებას მხოლოდ 2027 წლისთვის მოახერხებდნენ. თუმცა, შოლცის ხელმძღვანელობით გატარებულმა რეფორმამ შედეგი გაცილებით ადრე 2023 წლისთვის გამოიღო.

წარმოიდგინეთ სად იქნებოდა უკრაინა ან საქართველო, ან როგორი იქნებოდა დღეს, ევროკავშირი თუ ომის დაწყებიდან ოთხი ან ხუთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად ათეულობით მილიარდ ევროს გადაუხდიდნენ პუტინის რუსეთს?

უნდა გავიხსენოთ, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ეწინააღმდეგებოდნენ მისივე პარტიის პოლიტიკური ლიდერები. თუმცა, სამპარტიული მყიფე სამთავრობო კოალიციის და უკიდურესად დაზიანებული პოლიტიკური ლანდშაფტის პირობებშიც კი ოლაფ შოლცმა მოახერხა, რომ გერმანია აშშ-ს შემდეგ უკრაინის ყველაზე მსხვილი მხარდამჭერი გახდა. უკრაინის მეტი მხარდაჭერა კი გამოიწვევდა პოლიტიკურ რყევებს და საბოლოოდ როგორც გერმანიის, ასევე უკრაინის დაზიანებას.

და ბოლოს, გავიხსენოთ გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის გადაუჭარბებლად ისტორიული მნიშვნელობის სიტყვები - "ევროპა ლისაბონიდან თბილისამდე". ეს არის პოლიტიკური გზამკვლევი და ღია მხარდაჭერა გერმანიის და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ამ სანუკვარ შესაძლებლობას მიზანმიმართულად არ იყენებს მავნებელი და არალეგიტიმური ქართული ოცნების ე.წ. მთავრობა, მაგრამ აუცილებლად გამოიყენებენ საქართველოს მოქალაქეები.

 

სტატია ეკუთვნის ავტორს და ის შეიძლება არ გამოხატავდეს ტაბულას პოზიციას

კომენტარები