გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ქვრივმა იულია ნავალნაიამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე გააკეთა კომენტარი.
ნავალნაიას თქმით, შთამაგონებელია, რომ ანტისამთავრობო პროევროპულ პროტესტებზე ქუჩაში მრავალი ადამიანი გამოდის.
"პირველ რიგში, მინდა, აღფრთოვანება გამოვხატო საქართველოს ოპოზიციის მიმართ. ჩვენ ყველამ ვიხილეთ ეს პროტესტი, და მართლა შთამაგონებელი იყო, რამდენი ადამიანი გავიდა ქუჩაში". - თქვა ნავალნაიამ.
რადიო თავისუფლების ცნობით, ნავალნაიამ ასევე ხაზი გაუსვა იმ ადამიანების და მათ შორის, ქართველი მომიტინგებიის, მხარდაჭერას, რომლებიც საკუთარი უფლებებისთვის იბრძვიან ისეთ ქვეყნებში, რომლებთანაც რუსეთი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.
"პუტინი ძალიან კარგად ფლობს ჰიბრიდული ჩარევის მეთოდებს მის გარშემო მდებარე ყველა ქვეყანაში. ამიტომაც, საქართველოს ოპოზიციის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია". – თქვა ნავალნაიამ.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტის შეკითხვაზე, თუ რა რჩევას მისცემდა ქართველ მომიტინგეებს, ნავალნაიამ უპასუხა, რომ "პირიქით, ჩვენ უნდა ვთხოვდეთ მათ რჩევას".
"რთულია რჩევის მიცემა, რადგან ჩვენც იგივე მდგომარეობაში ვართ. ალბათ, პირიქით – ჩვენ უნდა ვთხოვდეთ მათ რჩევას, ვკითხოთ, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ, რადგან, როგორც ვნახეთ, ამ საქმეში ისინი ძალიან კარგები არიან". - აღნიშნა ნავალნაიამ.
ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 2021 წლის 17 იანვარს მოსკოვის აეროპორტში დააკავეს, როდესაც იგი გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის გამოსაცდელი ვადის მრავალგზის დარღვევას ედავებოდა.
დაკავების შემდეგ ნავალნის დამატებითი ბრალდებები წაუყენეს. 2021 წლის თებერვალში მას სასჯელაღსრულების კოლონიაში პირობითი სასჯელის დარღვევისთვის 2.8 წელი მიუსაჯეს. მოგვიანებით, 2021 წლის მარტში იგი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის ცილისწამებისთვის გაასამართლეს. 2022 წლის მარტში ნავალნის თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საბოლოოდ, 2023 წლის 4 აგვისტოს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ნავალნის ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე დამატებით 19 წელი მიუსაჯა.
ალექსეი ნავალნი 2024 წლის 16 თებერვალს პატიმრობაში, რუსეთის იამალ-ნენთა ავტონომიურ ოკრუგის დასახლება ხარპში მდებარე ციხეში, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.





