დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს. ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს.
"დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში, 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას.
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში" - ნათქვამია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.
-
უკრაინის საგარეო: აფხაზეთში ე.წ. არჩევნების ჩატარებას ვგმობთ
-
EU: მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ ვცნობთ აფხაზეთის ე.წ. არჩევნებს
-
ლატვია ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
-
შვედეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს
ოკუპირებულ აფხაზეთში მარიონეტი პრეზიდენტის დე ფაქტო არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია.
წინასწარი მონაცემებით, ბადრა გუნბას 46.41% ხმა აქვს, ხოლო ადგურ არძინბას - 36.91%. მარიონეტი პრეზიდენტის თანამდებობისთვის ორი კანდიდატი "არჩევნების" მეორე ტურში ერთმანეთს 1-ელ მარტს დაუპირისპირდება.
ცნობისთვის, 15 თებერვალს, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დილის 8:00 საათიდან 152 საარჩევნო უბანი გაიხსნა. გარდა ამისა, ორი საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს რუსეთის ტერიტორიაზე - მოსკოვსა და ჩერკესკში. "არჩევნებამდე" ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ არ გაიხსნება საარჩევნო უბანი თურქეთში.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო სიაში რეგისტრირებულია 134 000 ადამიანი.
მარიონეტი პრეზიდენტის თანამდებობისთვის 5 კანდიდატი იბრძვის:
- ადგურ არძინბა – აფხაზური სახალხო მოძრაობის თავმჯდომარე, ყოფილი ე.წ. ვიცეპრემიერი, თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი;
- რობერტ არშბა – ე.წ. აფზაზეთის რესპუბლიკის კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე;
- ოლეგ ბარციცი – რუსეთის ფედერაციაშია მარიონეტული რეჟიმის ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელი;
- ბადრა გუნბა – ე.წ. ყოფილი ვიცეპრემიერი, ასლან ბჟანიას გადადგომის შემდეგ თვითგამოცხადებული პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი;
- ადგურ ხურხუმალი – ეკონომისტი, შავი ზღვის განვითარების ბანკის თავმჯდომარე;
15 თებერვლის "არჩევნები" ვადამდელია, 2024 წლის მიწურულს თანამდებობა დატოვა მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ. მისი მოვალეობების შემსრულებელი ბადრა გუნბა გახდა.
არალეგიტიმურ არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატი ღიად პრორუსია, თუმცა კრემლის ფავორიტი ბჟანიას თანაგუნდელი გუნბაა, რომელიც ბოლო პერიოდში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის პირველ მოადგილეს სერგეი კირიენკოს.