ოკუპირებულ აფხაზეთში მარიონეტი პრეზიდენტის დე ფაქტო არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია.
წინასწარი მონაცემებით, ბადრა გუნბას 46.41% ხმა აქვს, ხოლო ადგურ არძინბას - 36.91%. მარიონეტი პრეზიდენტის თანამდებობისთვის ორი კანდიდატი "არჩევნების" მეორე ტურში ერთმანეთს 1-ელ მარტს დაუპირისპირდება.
15 თებერვალს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დილის 8:00 საათიდან 152 საარჩევნო უბანი გაიხსნა. გარდა ამისა, ორი საარჩევნო ფუნქციონირებდა რუსეთის ტერიტორიაზეც - მოსკოვსა და ჩერკესკში. ხოლო ე.წ. "არჩევნებამდე" ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთი საარჩევნო უბანი თურქეთში აღარ გაიხსნებოდა.
ცნობისთვის, 15 თებერვლის "არჩევნები" ვადამდელი იყო, რადგან 2024 წლის მიწურულს თანამდებობა მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ დატოვა, ხოლო მისი მოვალეობების შემსრულებელი ბადრა გუნბა გახდა.
არალეგიტიმურ არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატი ღიად პრორუსია, თუმცა კრემლის ფავორიტი ბჟანიას თანაგუნდელი გუნბაა, რომელიც ბოლო პერიოდში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის პირველ მოადგილეს სერგეი კირიენკოს.
-
უკრაინის საგარეო: აფხაზეთში ე.წ. არჩევნების ჩატარებას ვგმობთ
-
EU: მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ ვცნობთ აფხაზეთის ე.წ. არჩევნებს
-
ლატვია ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
-
შვედეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს
2024 წლის ნოემბერში ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციები დაიწყო, მომიტინგეები რუსეთთან გასაფორმებელი საინვესტიციო კანონსა და მისი შინაარსს აპროტესტებდნენ.
15 ნოემბერს, სოხუმში მომიტინგეები თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის შენობის ეზოში შეიჭრნენ და შენობას ალყა შემოარტყეს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი.
დე ფაქტო ოპოზიციამ ე.წ. სახელმწიფო შენობათა კომპლექსი დაიკავა. აქციის მონაწილეები ბჟანიას გადადგომას ითხოვდნენ.
19 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია გადადგა. მოგვიანებით ჩაინიშნა ვადამდელი არჩევნები.