ევროკავშირი

მაკრონი: ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება "ელექტროშოკია" ევროკავშირისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა Finantial Times-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპის ხელახლა გაპრეზიდენტებას "ელექტროშოკი" უწოდა, რამაც ევროპა უნდა აიძულოს, დაიცვას საკუთარი მომავალი. 

მაკრონის თქმით, ევროპაში ბევრს კიდევ მიაჩნდა, რომ შესაძლებელი იყო ცხოვრება "სტრატეგიული დამოკიდებულების" მდგომარეობაში, თუმცა, საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ტრამპის დაბრუნებამ უნდა უბიძგოს ევროკავშირს, მეტი ინვესტირება მოახდინოს საკუთარ თავდაცვაში, ეკონომიკასა და ტექნოლოგიურ განვითარებაში. მან ევროკავშირის ამჟამინდელ ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას "დრომოჭმული" უწოდა.

"ეს არის მომენტი, როდესაც ევროპა უნდა აჩქარდეს. [...] სხვა გზა არ არის" – ამბობს მაკრონი.

საფრანგეთის პრეზიდენტი შეეხო რუსეთ-უკრაინის ომსაც და ხაზგასმით თქვა, რომ უკრაინის პოზიციებს მოლაპარაკებებში მხოლოდ მისი პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა წარმოადგენდეს, ხოლო მშვიდობის დამყარება კაპიტულაციით ყველასთვის ცუდი იქნება, მათ შორის, აშშ-სთვის. 

"ამ ეტაპზე, ერთადერთი კითხვაა, მზად არის თუ არა პრეზიდენტი პუტინი, დათანხმდეს ჭეშმარიტ, მდგრად და სარწმუნო ცეცხლის შეწყვეტას. ამის შემდეგ, რუსეთთან მოლაპარაკებები უკრაინელებმა უნდა აწარმოონ. ჩვენ ყველანი კი ყურადღებით უნდა დავრჩეთ" – თქვა მაკრონმა. 

14 თებერვალს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვაზე იჯდება თუ არა უკრაინა რუსეთთან ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების მაგიდასთან, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ უკრაინა "ცხადია მოლაპარაკებებში ჩართული იქნება".

"რა თქმა უნდა, ისინი მოლაპარაკებებში ჩართულნი იქნებიან, რადგან ამის ნაწილი არიან. მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინა, რუსეთი და სხვა მხარეებიც. ბევრი ადამიანი. ეს ძალიან საინტერესო სიტუაციაა, მაგრამ უკრაინის ომი უნდა დასრულდეს. ახალგაზრდები იღუპებიან ისეთი მასშტაბებით, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს.

ჩვენ კარგი საუბარი გვქონდა პრეზიდენტ პუტინთან, კარგი საუბარი გვქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან, ძალიან კარგი საუბარი. ვიღაცამ თქვა, რომ ჯერ ზელენსკისთან უნდა მესაუბრა. მე ასე არ ვფიქრობ. საჭირო იყო გაგვერკვია, სურს თუ არა რუსეთს შეთანხმება. ვიცოდი, რომ ზელენსკის სურს შეთანხმება, რადგან თავად მითხრა ეს, მაგრამ ახლა ვიცი, რომ რუსეთსაც სურს შეთანხმება" - თქვა დონალდ ტრამპმა.

ამასთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვა, რომ მან გააფრთხილა მსოფლიო ლიდერები, არ ენდონ პუტინის განცხადებებს ომის დასრულებისთვის მზადყოფნის შესახებ.

"მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინამ უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები ძალის პოზიციიდან, ძლიერი და საიმედო უსაფრთხოების გარანტიებით, ხოლო უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ხარჯების მხრივ პარტნიორებისთვის ყველაზე ეფექტური იქნება. აგრეთვე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარანტია უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში სერიოზული ინვესტიციებია.

ასევე, გავაფრთხილე მსოფლიო ლიდერები, რომ არ ენდონ პუტინის განცხადებებს ომის დასრულებისთვის მზადყოფნის შესახებ" - წერს ზელენსკი.

 

კომენტარები