უზენაესი და სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე TV პირველთან საუბარში ამბობს, რომ თუ ის კონკრეტულ საქმეებზე ქართული ოცნების სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებდა, "დასაჩუქრდებოდა". ალავიძის თქმით, მისთვის შუამავლების გაგზავნაში ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძეც იყო ჩართული.
"ახსენა ოთარ ფარცხალაძე. ეს პირებიც ჩემთვის ნაცნობები არიან. ანუ, ის პირები არიან, რომლებიც ჩემ მიმართ განხორციელებულ სამოსამართლეო საქმიანობაში ჩარევის ეპიზოდებთან დაკავშირებით ფიგურირებენ [...] მათი გადმოცემით, დავალება მოდიოდა ქართული ოცნებიდან და მოდიოდა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებიდან გამომდინარე [...] ისევ შუამავლის მეშვეობით შემომითვალეს, რომ თუ რაღაც გადაწყვეტილებას მივიღებდი, ოთარ ფარცხალაძისგან საჩუქარს მივიღებდი - ეს იყო ძვირადღირებული ნივთი". - ამბობს ალავიძე.
ალავიძის თქმით, მას კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების სანაცვლოდ, სასამართლოში ვადის გაგრძელებას პირადად ბიძინა ივანიშვილი ჰპირდებოდა.
"სხვათა შორის, როცა მე უზენაეს სასამართლოში ვიყავი, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან 2-ჯერ მქონდა შემოთავაზება, რომ მაგალითად, თუ მე რაღაც გადაწყვეტილებებს მივიღებდი, სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადას გარანტირებულად გამიგრძელებდნენ და სასამართლოში დავრჩებოდი". - თქვა ალავიძემ.