ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისტულმა მედიებმა დღეს გაავრცელეს ცნობა, რომ "გერმანულმა პარტიამ AfD ევროპარლამენტში ქართული ოცნების მხარდამჭერი რეზოლუცია დაარეგისტრირა".
სამთავრობო მედია წერდა, რომ პოლიტიკურმა ჯგუფმა სუვერენულ ერთა ევროპა (ESN Group) ევროპარლამენტში ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირა, თუმცა, არ წერდა იმას, რომ მათთან ერთად რეზოლუციის პროექტები სხვა საპარლამენტო ჯგუფებმაც დაარეგისტრირეს და კენჭისყრაზე წარდგენილ ერთობლივ რეზოლუციაში ESN Group-ის ტექსტიდან ვერცერთი პუნქტი ვერ მოხვდა.
ევროპარლამენტართა უმრავლესობამ არც მათი წარმომადგენლის, ჰანს ნოიჰოფის შესწორებებს დაუჭირა მხარი. როგორც ESN-ის რეზოლუციის ტექსტი, ისე მათი შესწორებები ქართული ოცნების მხარდამჭერ გზავნილებს შეიცავდა. ENS-ის გერმანული ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) ხელმძღვანელობით შეიქმნა. AfD-ს წევრია თავად ჰანს ნოიჰოფი.
სუვერენულ ერთა ევროპა ევროპარლამენტში არსებული ყველაზე მცირერიცხოვანი გაერთიანებაა, რომელიც მხოლოდ 25 ევროპარლამენტარს აერთიანებს.
პროექტში ულტრანაციონალისტები აღნიშნავდნენ, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა, რომელსაც "სრული უფლება აქვს თავად განსაზღვროს თავისი პოლიტიკური სისტემა, ჩაატაროს არჩევნები და მართოს საკუთარი თავი უცხო სუბიექტების ან საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევის გარეშე".
ამასთან, ისინი წერდნენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები "ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან შესაბამისობაში ჩატარდა, ქართველმა ხალხმა კი გააკეთა მკაფიო და დემოკრატიული არჩევანი".
ასევე, პროექტში ხაზგასმულია, რომ ESN Group მოუწოდებს ევროკავშირს, "მიიღოს პრაგმატული და სტრატეგიული მიდგომა საქართველოს მიმართ, ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, ჩაებას კონსტრუქციულ დიალოგში საქართველოს ახალ მთავრობასთან და აღიაროს, რომ მიმდინარე პოლიტიკური ზეწოლა მხოლოდ დააშორებს საქართველოს ევროპული თანამშრომლობისგან".
ამავდროულად, ESN Group "გმობს ევროკავშირის უარს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებაზე და ევროკავშირის ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში".
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მთავრობას დე ფაქტოსა და თვითგამოცხადებულს უწოდებს, არ ცნობს მას და ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს. ამას გარდა, რეზოლუცია ივანიშვილის რეჟიმს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, საპროტესტო აქციებზე ძალადობის შემთხვევების გამოძიებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას მოუწოდებს.
რეზოლუცია მიმართავს ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებსაც, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას, ასევე საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელ პირებს, როგორც ძალოვნებს, ისე მოსამართლეებს, სანქციები დაუწესონ.