საფრანგეთი

საფრანგეთის ერთ-ერთ ბარში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაშავდა

ფოტო: Maxime Gruss/AFP

13 თებერვალს საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ გრენობლის ერთ-ერთ ბარში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად თორმეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 2 ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაშია.

პროკურორ ფრანსუა ტურე-დე-კურსის თქმით, თავდამსხმელი მომხმარებლებით სავსე ბარში შევიდა, ყოველგვარი განცხადებისა და სიტყვის გარეშე ხელყუმბარა გაისროლა, შემდეგ კი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, თავდამსხმელს სავარაუდოდ თან ჰქონდა კალაშნიკოვის ტიპის ავტომატური იარაღი, თუმცა იგი არ გამოუყენებია.

აფეთქება გრენობლის ოლიმპიური სოფლის უბანში, საღამოს 8 საათის შემდეგ მოხდა, რომელიც 1968 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის დროს აშენდა.

გამოძიებას თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის არ დაუდგენია, თუმცა ტერორისტულ აქტს არ უკავშირებს.

"უდიდესი სიმკაცრით ვგმობ ამ დანაშაულებრივ აქტს, რომელიც განსაკუთრებული ძალადობით გამოირჩეოდა" – დაწერა გრენობლის მერმა, ერიკ პიოლმა სოციალურ ქსელ X-ზე.

კომენტარები