რუსული რეჟიმი

კოლეგები მზია ამაღლობელს წერილით მიმართავენ

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დაფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს, რეჟიმის პატიმარს, მზია ამაღლობელს კოლეგები წერილით მიმართავენ, რომელსაც 150-მდე პირი აწერს ხელს. 

გთავაზობთ სრულ წერილს:

"ძვირფასო მზია,

ჩვენ, ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, მუდმივად გვიწევს უსამართლობასთან დაპირისპირება, თუმცა, კარგად გვესმის, რომ ეს ვერ შეედრება უსამართლობის იმ მასშტაბს, რასაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება ახლა შენ მიმართ იყენებს! ასევე, კარგად გვესმის ამ უსამართლობასთან შენი უკომპრომისო ბრძოლის არსი – ეს ბრძოლა სრულიად ფასდაუდებელია და თითოეული ჩვენგანის, ჩვენი სამშობლოს გადარჩენას ემსახურება!

მაგრამ უკვე 33-ე დღეა შენი შიმშილობის და ჩვენ ძალიან გვეშინია! – გვეშინია შენი ჯანმრთელობის, შენი სიცოცხლის გამო! 

ჩვენ ყველანი ერთად, შენთან ერთად უნდა გადავრჩეთ და ისე მოვიგოთ ეს უმძიმესი ბრძოლა! ამიტომ გვჯერა, რომ ახლა ბრძოლის სხვა ეტაპზე გადასვლა შეგვიძლია – ყველამ  ერთად უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება! 

გვენატრები, გვიყვარხარ და ძალიან გვჭირდები!"


მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 100 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.

"მომეტებულად საბუთდება ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე". - თქვა მოსამართლემ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 მარტს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავსდაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.

მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას. 

"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

კომენტარები