პატიმრების გაცვლა

ფოგელის სანაცვლოდ აშშ-მ ფულის გათეთრებისთვის დაპატიმრებული ალექსანდრ ვინიკი გაათავისუფლა

მარკ ფოგელი და ალექსანდრ ვინიკი
Befunky

11 თებერვალს რუსეთის პატიმრობიდან გათავისუფლებული მარკ ფოგელის სანაცვლოდ, აშშ დიდი ოდენობის ფულის გათეთრებისთვის დაჭერილ ალექსანდრ ვინიკს გაათავისუფლებს.

მედიის ცნობით, ვინიკი კალიფორნიის ციხეში, რომელშიც პატიმრობას იხდიდა აღარ ირიცხება. ინფორმაციას ასევე ადასტურებს ვინიკის ადვოკატი ფრედერიკ ბელო.

12 თებერვალს, პრესკონფერენციის დროს კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ აშშ და რუსეთი პატიმრებს ცვლიან.

ვინიკი FBI-ს მოთხოვნით 2017 წელს საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე დააკავეს. მას კრიპტო ბირჟის შექმნასა და მართვას ედავებოდნენ. 

ბირჟაზე ანონიმური ანგარიშებით იყო ვაჭრობა შესაძლებელი, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა აშშ-ს ფულის გათეთრების შესახებ კანონმდებლობასთან, შესაბამისად, ბირჟის სრული ბრუნვა არალეგალურად ჩაითვალა, რომელიც კალიფორნიის ოლქის სასამართლომ 9 მილიარდ დოლარად შეაფასა.

2024 წელს სასამართლომ ვინიკი დამნაშავედ ცნო, მას მინიმუმ 10-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა.

გარდა ამისა, რუსეთში ვინიკის წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდებით ორი საქმეა აღძრული. საბერძნეთში მისი დაკავებისთანავე რუსეთმა ვინიკის ექსტრადიცია მოითხოვა.

11 თებერვალს პატიმრობიდან გათავისუფლდა მასწავლებელი და რუსეთში აშშ-ს საელჩოს ყოფილი თანამშრომელი მარკ ფოგელი, რომელიც 2021 წლის აგვისტოში რუსეთში მარიხუანის შემოტანის ბრალდებით დააკავეს. ფოგელს სამედიცინო მარიხუანა ჰქონდა, რომელიც რუსეთში არალეგალურია. 2022 წელს მას 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ფოგელის აშშ-ში დასაბრუნებლად მოსკოვში ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ჩავიდა. 

რამდენიმე საათში ფოგელის გათავისუფლების ინფორმაცია დაადასტურა აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა:

"პრეზიდენტმა ტრამპმა, მრჩეველმა უიტკოფმა და პრეზიდენტის სხვა მრჩევლებმა აწარმოეს მოლაპარაკებები პატიმრების გაცვლასთან დაკავშირებით. რუსეთის მხრიდან (ფოგელის გათავისუფლება) კეთილი ნების გამოხატულებაა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნები სწორი მიმართულებით მოძრაობენ, რათა ბოლო მოეღოს უკრაინაში მიმდინარე სასტიკ და საშინელ ომს". 

კომენტარები