აშშ-ს სენატმა 12 თებერვალს ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი საკამათო კანდიდატი, ტულსი გაბარდი ხმების ვიწრო უპირატესობით დაამტკიცა.
ყოფილი დემოკრატი კონგრესმენის კანდიდატურას რესპუბლიკელების უმრავლესობამ, ხმების 52-48-ით, დაუჭირა მხარი. სენატის უმრავლესობის ყოფილმა ლიდერმა, რესპუბლიკელმა მიტჩ მაკკონელმა გაბარდის საწინააღმდეგოდ მისცა ხმა, რითაც იგი დემოკრატი სენატორების გვერდით აღმოჩნდა.
გაბარდის ნომინაციის პროცესი მარტივი არ იყო და ზოგიერთ შემთხვევაში მიიჩნეოდა, რომ იგი სავარაუდოდ, რესპუბლიკური პარტიიდან დამტკიცებისთვის საჭირო გადამწყვეტ ხმებს დაკარგავდა, რაც დაზვერვაში მისი არასაკმარისი გამოცდილებით იყო განპირობებული.
ტულსი გაბარდის დამტკიცება მორიგი გამარჯვება ტრამპისთვის იმ ფონზე, როცა მის მიერ წარდგენილი კანდიდატების ადმინისტრაციის თანამდებობებზე დამტკიცებას სენატი დაჩქარებულად ცდილობს.
გაბარდმა დემოკრატიული პარტია 2022 წელს, კონგრესში ჰავაის 8-წლიანი წარმომადგენლობის შემდეგ დატოვა. იგი 2020 წელს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო პრაიმერშიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა პრაიმერის განმავლობაშივე კანდიდატურა მოხსნა.
იგი ტრამპს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატ კამალა ჰარისთან 10 სექტემბრის დებატებისთვის მოსამზადებელ პროცესებშიც დაეხმარა.
როგორც გამოცემა CNN წერს, გაბარდი იზიარებდა ტრამპის გარკვეულ იზოლაციონისტურ შეხედულებებს, მათ შორის, მოსაზრებას სირიიდან აშშ-ს ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით.
"2022 წლის დასაწყისში გაბარდმა გაიმეორა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიზეზი უკრაინაში შეჭრისთვის, როდესაც მან ეს არა მოსკოვს, არამედ ბაიდენის ადმინისტრაციის შეცდომას გადააბრალა, ეღიარებინათ "რუსეთის ლეგიტიმური შეშფოთება უსაფრთხოების შესახებ, როცა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე დაიწყო მსჯელობა - ეს მემარჯვენე წრეებში გავრცელებული შეხედულება იყო". - წერს CNN.
2019 წელს, როდესაც გაბარდმა საპრეზიდენტო პრაიმერში მონაწილეობა გადაწყვიტა, ჰილარი კლინტონმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ გაბარდზე რუსეთი გავლენის მოხდენას ცდილობდა, რათა გაბარდს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე პარტიის კანდიდატად მიეღო მონაწილეობა.





