კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის ინფორმაციით, პატიმრების გაცვლის შესახებ შეთანხმების ფარგლებში მოსკოვის მიერ დაპატიმრებული ამერიკელი მასწავლებლის, მარკ ფოგელის გათავისუფლების სანაცვლოდ, აშშ ციხიდან რუს მოქალაქეს გაათავისუფლებს.
რუსული სამთავრობო პროპაგანდისტური არხის, ТАСС-ის ინფორმაციით, ფოგელის სანაცვლოდ სამშობლოში დაბრუნებული რუსი მოქალაქის სახელს მას შემდეგ გაასაჯაროვებენ, რაც ის რუსეთის ფედერაციაში დაბრუნდება.
კრემლის თქმით, ამ შეთანხმებამ შესაძლოა ვაშინგტონთან ნდობის გაძლიერებას შეუწყოს ხელი.
"აშშ-სთან პატიმრების ორმხრივი გათავისუფლების შესახებ შეთანხმება გარდამტეხი მომენტი არ არის, თუმცა ეს ურთიერთნდობის გაზრდის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია" - თქვა პესკოვმა
ამერიკელი მასწავლებელი და რუსეთში აშშ-ს საელჩოს ყოფილი თანამშრომელი, მარკ ფოგელი 11 თებერვალს რუსეთში 3.5-წლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა და სამშობლოში დაბრუნდა, სადაც იგი აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა.
ამასთანავე, ტრამპის თქმით, ფოგელის გამოშვება "შესაძლოა, მნიშვნელოვანი ნაწილი იყოს" უკრაინაში ომის დამთავრების მხრივ. ტრამპმა და ფოგელმა ასევე მადლობა გადაუხადეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მისი გათავისუფლებისთვის.
ტრამპმა ასევე დაამატა, რომ ოთხშაბათს, 12 თებერვალს, კიდევ ერთი პირი გათავისუფლდება, თუმცა არ დაუკონკრეტებია მისი ვინაობა.
კითხვაზე, თუ რა დათმობაზე წავიდა აშშ ფოგელის გასათავისუფლებლად, ტრამპმა რეპორტიორებს უთხრა, რომ "ბევრი არაფერი" და პატიმრის გამოშვებას რუსეთის მხრიდან კეთილი ნების გამოხატულება უწოდა.
11 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში ჩავიდა, თუმცა, არ იყო დაზუსტებული, თუ რას ეხებოდა ამერიკელი მაღალჩინოსნის ვიზიტი.