თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ანდრეი შევჩენკო დღეს არის ჭირისუფალი და მასთან "კულტურიდან, ტრადიციიდან გამომდინარე", პოლემიკაში შესვლა კატეგორიულად მიუღებელია.
"რა პასუხს ელოდებით ჩემგან მაშინ, როცა უკრაინა არის უმძიმეს მდგომარეობაში? არაერთხელ გამიკეთებია განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ მტერს არ ვუსურვებ ისეთ სიტუაციაში ყოფნას, რომელშიც ეს ქვეყანა და უკრაინელი ხალხი იმყოფება. ახლა უკრაინა განსაცდელშია, სისხლისგან იცლება.
რაც შეეხება ანდრეი შევჩენკოს, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ის არის ჭირისუფალი. ჩემთვის, როგორც ქართველ ადამიანისთვის, ჩემი კულტურიდან, ტრადიციიდან გამომდინარე, შევიდე პოლემიკაში ჭირისუფალთან ან რაიმე განმარტებები ვაკეთო, ეს კატეგორიულად მიუღებელია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე დასრულდება ის საშინელება უკრაინაში, უკრაინელი ხალხი შეძლებს ჭრილობების მოშუშებას და გაანალიზებას, თუ რა მოხდა" - თქვა კახა კალაძემ.
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ანდრეი შევჩენკოს თქმით, მან კახა კალაძესთან ურთიერთობა შეწყვიტა და ის მისთვის აღარ არსებობს. ამის შესახებ შევჩენკომ სპორტულ გამოცემა Tribuna-სთან ისაუბრა.
2024 წლის დეკემბერში, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას გულისხმობს.
უკრაინამ სანქციები დააწესა ივანიშვილისა და მისი მოკავშირეების, 19 ადამიანის, მათ შორის, ირაკლი კობახიძისა და კახა კალაძის წინააღმდეგ.
კახა კალაძე და ანდრეი შევჩენკო საფეხბურთო კარიერის დროს წლების განმავლობაში თანაგუნდელები იყვნენ – 1998–1999 წლების სეზონში კიევის დინამოს შემადგენლობაში, 2001–2006 და 2008 წლებში კი მილანის შემადგენლობაში. შევჩენკომ 2013 წელს თბილისში, კალაძის გაცილების მატჩშიც ითამაშა.