საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები

კალაძე: არ გვეშინია სანქციების, ვერ ვიხელმძღვანელებთ ბრიუსელში გაზულუქებული ბიუროკრატებით

საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის ინტერესების დაცვას, გააგრძელებს ყველა იმ გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ქვეყნისთვის, მისი მომავლისთვის არის საჭირო და მნიშვნელოვანი. ჩვენ ვერ ვიხელმძღვანელებთ იმით, რა მოეწონება და რა არა ბრიუსელში რომელიღაც გაზულუქებულ ბიუროკრატს. ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან და ყოველთვის გავატარებთ ისეთ პოლიტიკას, როგორიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და მის მომავალს.

ქართული ოცნების შემხვედრი ნაბიჯი არის ქვეყნის ინტერესების დაცვა. ჩვენ დავიცავთ საქართველოს, ჩვენს სამშობლოს, ამ ქვეყნის ინტერესს, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ადამიანს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა. ყოველთვის გავატარებთ ისეთ პოლიტიკას, რომელიც, პირველ რიგში, ითვალისწინებს საქართველოს ინტერესებს.

ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ სანქციები ვერ იქნება შემაჩერებელი, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს და მის მიმავალს. ვერანაირი სანქცია ვერ შეგვაჩერებს, არავის ეშინია სანქციების. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, მის ინტერესებს. ის კონკრეტული ბიუროკრატები, კორუმპირებული, გაბოროტებული ბიუროკრატები, ყველაზე არ მაქვს საუბარი, გაგიჟებულები არიან, რომ მათ განიცადეს მარცხი, ისინი დამარცხდნენ საქართველოში. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ უთხრა "არა" ამ კორუმპირებულ ევროპულ ბიუროკრატიას და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება - მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას, მხარი დაუჭირა იმას, რომ ქვეყანამ გააგრძელოს განვითარება, არ შეუერთდეს სანქციებს, არ გაჩაღდეს მეორე ფრონტი და არ მივიღოთ ის კატასტროფული მდგომარეობა, რაც დღეს უკრაინაშია.

თქვა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

კომენტარები