გიორგი მამალაძის საქმე

გიორგი მამალაძე ე.წ. ციანიდის საქმის შემსწავლელი კომისიის შექმნას ითხოვს

დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. ციანიდის საქმის შემსწავლელი კომისიის შექმნას ითხოვს.

"შეიქმნას ციანიდის საქმის არსებითი შემსწავლელი კომისია. ოღონდ, ეს კომისია აუცილებლად ღია უნდა იყოს, რომ ეკლესიის შიგნით არსებულ პრობლემებს, რომელმაც ციანიდის საქმის დაკვეთა და მზაკვრულად აღსრულება გამოიწვია, პასუხები გაეცეს და ერთხელ და სამუდამოდ ყველაფრის გამოსწორება და აღსრულება დაიწყოს [...]

იმის რესურსი მეტ-ნაკლებად მაქვს, რომ მე სამართლიანობა და სამართლის აღსრულება მოვითხოვო. იმიტომ, რომ სადაც სიმართლე და სამართლიანობა არ არის, იქ სამოთხე არ არსებობს - ანუ, იქ არ იქნება მშვიდობა". - თქვა დეკანოზმა მთავარ არხთან საუბარში.

7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება 2024 წლის 14 თებერვალს დატოვა. ის "უდოს" ანუ პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს.


გიორგი მამალაძე ციხეში შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის იჯდა. თუმცა, 2017 წელს, როცა დეკანოზი მამალაძე დააკავეს, პროკურატურა ამბობდა, რომ ის მაღალი იერარქის მკვლელობას გეგმავდა. არსებობდა აზრი, რომ პირი, ვის ციანიდით მოწამვლასაც დეკანოზი მამალაძე გეგმავდა, პატრიარქი იყო. თუმცა, პროკურატურამ რამდენიმე დღეში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი. პროკურორის თქმით, მამალაძემ დაკითხვისას თქვა, რომ შორენა თეთრუაშვილის სიკვდილი გაუხარდებოდა.  

დეკანოზი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. თავად დეკანოზი ამბობს, რომ მას ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა, თუმცა, მომწამლავი ნივთიერება არ შეუძენია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.

კომენტარები