11 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში ჩავიდა. არ იყო დაზუსტებული თუ რას ეხებოდა ამერიკელი მაღალჩინოსნის ვიზიტი.
მოგვიანებით თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ უიტკოფი მართლაც რუსეთში ჩავიდა. ვიზიტის მიზანი რუსეთის პატიმრობაში მყოფი აშშ-ს მოქალაქის, მარკ ფოგელის გათავისუფლება და სამშობლოში დაბრუნებაა.
აშშ-ს პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის, მაიკლ უოლცის განცხადებით, უიტკოფი რუსეთში ფოგელის წამოსაყვანად ჩაფრინდა.
"პრეზიდენტმა ტრამპმა, მრჩეველმა უიტკოფმა და პრეზიდენტის სხვა მრჩევლებმა აწარმოეს მოლაპარაკებები პატიმრების გაცვლასთან დაკავშირებით. რუსეთის მხრიდან (ფოგელის გათავისუფლება) კეთილი ნების გამოხატულებაა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნები სწორი მიმართულებით მოძრაობენ, რათა ბოლო მოეღოს უკრაინაში მიმდინარე სასტიკ და საშინელ ომს". – თქვა უოლცმა.
უოლცს არ უსაუბრია იმის შესახებ, გაათავისუფლა თუ არა აშშ-მ ან რომელიმე სხვა დასავლურმა ქვეყანამ პატიმარი, რომლითაც მოსკოვი არის დაინტერესებული.
ასევე უცნობია, შეხვდა თუ არა ვინმეს მოსკოვში ვიზიტისას უიტკოფი.
მასწავლებელი და რუსეთში აშშ-ს საელჩოს ყოფილი თანამშრომელი მარკ ფოგელი 2021 წლის აგვისტოში ქვეყანაში მარიხუანის შემოტანის ბრალდებით დააკავეს. ფოგელს სამედიცინო მარიხუანა ჰქონდა, რომელიც რუსეთში არალეგალურია. 2022 წელს მას 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.