დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

FT: ტრამპი უცხო ქვეყნის მაღალჩინოსნების მოქრთამვის შესახებ კანონის აღსრულებას აჩერებს

AFP

გამოცემა Financial Times წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს უბრძანა, შეაჩეროს ამერიკული ანტიკორუფციული კანონის აღსრულება, რომელიც ბიზნეს გარიგებების მოპოვების მიზნით ამერიკელებს უცხო ქვეყნის მთავრობის ოფიციალური პირების მოქრთამვას უკრძალავს.

"ეს ამერიკისთვის ბევრად უფრო მეტ ბიზნესს ნიშნავს". - თქვა ტრამპმა ოვალურ ოფისში აღმასრულებელი ბრძანებისთვის ხელმოწერის შემდეგ, რომლითაც იუსტიციის მინისტრს, პემ ბონდის უბრძანა, შეაჩეროს 1977 წლის უცხოური კორუმპირებული პრაქტიკის აქტის (FCPA) აღსრულება.

ტრამპის თქმით, აღნიშნული კანონი "ქაღალდზე კარგად ჟღერს, მაგრამ [პრაქტიკაში] კატასტროფაა".

"ეს ნიშნავს, რომ თუკი ამერიკელი ჩავა უცხოურ ქვეყანაში და დაიწყებს ბიზნესის კეთებას ლეგალურად, კანონიერად ან სხვა მხრივ, თითქმის გარანტირებული აქვს გამოძიება, ბრალის წაყენება და ამის გამო არავის სურს ამერიკელებთან ბიზნესის კეთება". - დაამატა მან. 

ამასთანავე, Financial Times-ის ინფორმაციით, თეთრი სახლის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ქვეყნის "ეროვნული უსაფრთხოება დამოკიდებულია ამერიკისა და მისი კომპანიების მხრიდან მსოფლიოში სტრატეგიული მნიშვნელობის კომერციული უპირატესობის მოპოვებაზე".

"პრეზიდენტი ტრამპი აჩერებს ზედმეტ, არაპროგნოზირებად FCPA-ს აღსრულებას, რომელიც ამერიკელ კომპანიებს ნაკლებად კონკურენტუნარიანს ხდის". - დაამატა მან.

მაღალჩინოსნის თქმით, აღნიშნული აქტის მეტისმეტი აღსრულებით ამერიკული კომპანიები დაზიანდნენ, რადგან "მათ ეკრძალებათ ისეთ საქმიანობაში ჩართვა, რომელიც დამახასიათებელია საერთაშორისო კონკურენტებისთვის, რაც არათანაბარ სათამაშო მოედანს ქმნის".

თეთრი სახლის თქმით, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საჭიროა სტრატეგიული უპირატესობის ქონა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ აქტივებში, როგორებიცაა კრიტიკული მინერალები და ღრმაწყლოვანი პორტები.

კომენტარები