აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ში ნებისმიერი ქვეყნიდან იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე "გამონაკლისების გარეშე" 25%-იანი ტარიფი დააწესა.
ტარიფები მარტის დასაწყისში ამოქმედდება.
"ეს დიდი ამბავია, ამერიკის კვლავ გამდიდრების დასაწყისია. ჩვენს ერს სჭირდება, რომ ფოლადი და ალუმინი ამერიკაში დამზადდეს და არა უცხოეთში". - თქვა ტრამპმა.
რეპორტიორებთან საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ გაცემული ბრძანება ტარიფებს ამარტივებს, "რათა ყველამ გაიგოს, ზუსტად რას ნიშნავს" ეს ნაბიჯი.
"25%-ია გამონაკლისებისა და შეღავათების გარეშე. ეს ნიშნავს ყველა ქვეყანას, მიუხედავად იმისა, საიდან შემოდის, ყველა ქვეყანას". - თქვა ტრამპმა.
მოგვიანებით, ტრამპმა თქვა, რომ გამონაკლისის შესახებ ავსტრალიის თხოვნას აშშ-სთან ამ ქვეყნის სავაჭრო დეფიციტის გამო გაითვალისწინებდა.
კითხვის საპასუხოდ, გაზრდის თუ არა ტარიფები ფასებს მომხმარებლებისთვის, ტრამპმა თქვა, რომ "საბოლოოდ, ის გაიაფდება". აშშ-ს პრეზიდენტმა მიუთითა, რომ სხვა ტარიფები შესაძლოა ფარმაცევტულ პროდუქტებსა და კომპიუტერის ჩიპებსაც შეეხოს.
"დროა, რომ ჩვენი დიდებული ინდუსტრიები ამერიკაში დაბრუნდეს... ეს პირველია მრავალთა შორის". - თქვა ტრამპმა.
თეთრი სახლის თანამდებობის პირმა რეპორტიორებთან საუბრისას თქვა, რომ ტარიფები შეეხება ისეთ პროდუქტებსაც, რომლებიც უცხოური ფოლადითა და ალუმინით არის დამზადებული.
გამოცხადებული ტარიფები ტრამპის მიერ 2018 წელს გამოცხადებული ტარიფების გაფართოებაა.
აშშ მსოფლიოში ფოლადის უდიდესი იმპორტიორია. ყველაზე დიდი ოდენობით ფოლადი აშშ-ში კანადას, ბრაზილიასა და მექსიკას შეაქვთ. ტარიფების ამოქმედებას, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი გავლენა კანადაზე ექნება.
გასულ წელს კანადიდან აშშ-ში იმპორტირებული ალუმინის ოდენობამ მთლიანი იმპორტირებული ალუმინის 50%-ზე მეტი შეადგინა.
გუშინ, 10 თებერვალს, კანადის ინოვაციის მინისტრმა, ფრანსუა-ფილიპ შამპანმა თქვა, რომ ტარიფები "სრულად გაუმართლებელი" არის.
"კანადური ფოლადი და ალუმინი ასაზრდოებს აშშ-ში საკვანძო ინდუსტრიებს, თავდაცვით, გემთმშენებლობით, ენერგიით დაწყებული და საავტომობილო მრეწველობით დასრულებული. [...] ეს ჩრდილოეთ ამერიკას უფრო კონკურენტუნარიანსა და უსაფრთხოს ხდის". - თქვა შამპანმა.
გასულ კვირას ტრამპმა ყველა ჩინური პროდუქციის იმპორტზე 10%-იანი ტარიფი დააწესა დამატებით იმ ტარიფებისა, რომლებიც ჩინურ იმპორტზე აშშ-ს უკვე დაწესებული ჰქონდა. ტარიფების ძალაში შესვლის შემდეგ ჩინეთმა აშშ-ს მყისიერ დაუწესა საპასუხო 10 და 15%-იანი ტარიფები, მათ შორის, ჩიპებზე და სხვადასხვა ტიპის ლითონებზე.
თუმცა ტრამპმა უკვე დაიწყო დაწესებული ტარიფების შემსუბუქება. მან 800 დოლარზე ნაკლები ღირებულების იმპორტულ პროდუქტებზე გადასახადები დროებით შეაჩერა მანამ, სანამ ვაჭრობის დეპარტამენტი ახალ სისტემას შექმნის, რომელიც რთულად გასაკონტროლებელი პროდუქტების აღრიცხვას შეძლებს.
ამასთან, ტრამპმა დროებით შეაჩერა მექსიკისთვისა და კანადისთვის 1-ელ თებერვალს დაწესებული 25%-იანი ტარიფები 1-ელ მარტამდე.





