ტრამპის ადმინისტრაცია

ტრამპი მექსიკის წინააღმდეგ ტარიფის დაწესების გადაწყვეტილებას 1 თვით აჩერებს

AFP

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მექსიკის წინააღმდეგ ტარიფის დაწესების გადაწყვეტილებას 1 თვით აჩერებს. მისი თქმით, მექსიკა დათანხმდა ჩრდილოეთ საზღვარზე ეროვნული გვარდიის 10 000 წევრის განლაგებას, საზღვარზე ნარკოტიკების, კერძოდ ფენტანილის, კონტრაბანდის შეჩერების მიზნით.

მექსიკის პრეზიდენტის, კლაუდია შაინბაუმის თქმით, შეთანხმება ასევე ითვალისწინებს აშშ-ს მუშაობას მექსიკაში მაღალი სიმძლავრის იარაღების კონტრაბანდის შეჩერებას.

აშშ-სა და მექსიკის პრეზიდენტებმა შეთანხმებას დღეს, მექსიკის, კანადისა და ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების ძალაში შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე მიაღწიეს.

დონალდ ტრამპის თქმით, ორი ქვეყანა 1-თვიან შეჩერებას მოლაპარაკებების გასაგრძელებლად გამოიყენებს.

მანამდე, ტრამპმა თქვა, რომ ის კანადის პრემიერს, ჯასტინ ტრუდოს ესაუბრა და რამდენიმე საათში კვლავ გაესაუბრება. კანადისა და ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები ძალაში სამშაბათიდან შევა.

როგორც Reuters აღნიშნავს, აშშ-ს აქციები და სხვა გლობალური ფინანსური ბაზრები სანქციების სავარაუდო ამოქმედების წინ დაეცა.

კვირას, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ტარიფები ევროკავშირის წინააღმდეგაც დაწესდება, თუმცა, არ არის გადაწყვეტილი ზუსტად როდის.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების თქმით, თუ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მუქარას შეასრულებს და ევროპულ საქონელზე ტარიფებს დააწესებს, ბლოკი საპასუხო ნაბიჯებისთვის მზად იქნება.

კომენტარები