შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 10 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის დროს პოლიციამ 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.
სავარაუდოდ, ორი დაკავებული ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
დაკავებულებს შორის ერთ-ერთი პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი იყო.
TV პირველის მიერ გადაღებულ კადრებში ასახულია, როგორ მიჰყავთ პოლიციელებს ძალის გამოყენებით გოგიჩაიშვილი და ასევე ძალის გამოყენებით სვამენ ე.წ. დაკავების მანქანაში.
"ინტერვიუს ვაძლევდი, როცა დავინახე გზის მოპირდაპირე მხარეს როგორ ეჯაჯგურებოდა პოლიციის კორდონი და როგორ მოათრევდნენ დაკავების მანქანისკენ, რომელიც წინასწარ ჰყავდათ გამზადებული". - უთხრა TV პირველს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ.





