რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრებმა, პირველ სკოლასთან ერთობლივი განცხადება გააკეთეს და ადვოკატ დავით გამყრელიძეზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ.
ცნობისთვის დღეს ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავით გამყრელიძე რეჟიმის პატიმართან, მოშიმშილე ნიკოლოზ ჯავახიშვილთან უკანონოდ შევიდა და მისგან "აღიარებითი" ჩვენება მოითხოვა.
პატიმრების ოჯახის წევრების განცხადებით, ხელსუფლება ახლა ახალგაზრდების კრიმინალიზაციას ცრუ აღიარებითი ჩვენებებით ცდილობს:
"პოლიტიკური პატიმრების და რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრები, ვაცხადებთ შემდეგს, რომ ხელისუფლებას დაწყებული აქვს უბინძურესი პოლიტიკა, რომ პოლიტიკური პატიმრები ჩაითრიონ ან თავიანთ ჩანაფიქრში, მიაღწიონ, რომელიმე ერთის აღიარებას, დაუშვან პრეცედენტი, რომ პოლიტიკური პატიმრებისგან არის კატეგორია, რომელიც აღიარებს დანაშაულს და სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან.
ეს პროცესი დე-ფაქტო ხელისუფლებას სჭირდება, რომ თავი იმართლოს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. საზოგადოებას უმტკიცებს, რომ ესენი არ არიან პოლიტიკური პატიმრები.
კატეგორიულად მინდა განვაცხადო, არცერთ საქმეში არანაირი სისხლის სამართლის მტკიცებულებები არ არსებობს, დანაშაული არ არსებობს.
აქედან გამომდინარე მათ [ხელისუფლებამ] გადაწყვიტა აღიარებითი ჩვენებებით მიაღწიონ ახალგაზრდების კრიმინალიზაციას. ეს არის საბჭოთა კავშირიდან გადმონაშთი.
გამომდინარე ზემო აღნიშნულიდან, მოვუწოდებ ჩვენს პატიმრებს, ჩემს შვილს, იყავით მხნედ, იყავით მედგრად, იყავით ყოჩაღად, ბევრი არ არის დარჩენილი, თქვენთან არის სიმართლე, ღმერთი, საზოგადოების უმრავლესობა. თქვენ არ ხართ დამნაშავეები, თქვენ წელში გამართული, გამართლებული, თავაწეული გამოხვალთ და თქვენს გასაკეთებელს გააკეთებთ სამშობლოს გასაბრწყინებლად, გამარჯვებას გისურვებთ!" - თქვა რეჟიმის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ.
რეჟიმის კიდევ ერთი პატიმრის, ირაკლი ქერაშვილის დის, ქეთი ქერაშვილის განცხადებით, დავით გამყრელიძე ნიკოლოზ ჯავახიშვილისგან მოითხოვდა ხელი რომელიმე პოლიტიკოსისთვის, ან სხვა სინდისის პატიმრისთვის დაედო:
"სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები გვინდა გამოვეხმაუროთ იმ უკანონო ქმედებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა სინდისის ერთ-ერთი პატიმრის ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიმართ.
როგორც იცით დავით გამყრელიძე, რომელიც არ გახლავთ ჯავახიშვილის უფლებადამცველი, შევიდა მასთან სრულიად უკანონოდ, ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლით სცადა, რომ მისგან მიეღო, ცრუ, ასე ვთქვათ, აღიარებითი ჩვენება, რომელზეც მან მიიღო უარი.
მინდა მივმართო ჩვენ ბიჭებს, მხნედ იყავით, მაგრად იდექით, დაიცავით თქვენი სიმართლე და ჩვენ ვიდგებით თქვენი სიმართლის და ქართველობის სადარაჯოზე.
დავით გამყრელიძეს ნიკოლოზ ჯავახიშვილისგან უნდოდა მიეღო აღიარებითი ჩვენება, რომ საბოლოო ჯამში საპროცესო შეთანხმებას მიეღწია. დაედო ხელი ან რომელიმე გარკვეული პოლიტიკოსისთვის, ან იმ ბიჭებისთვის, რომლებიც იბრძვიან საქართველოსთვის. მაგრამ, რა თქმა უნდა, მან ეს ვერ მიიღო. ვერცერთი პატიმრისგან ვერ მიიღებენ, ასეთი უკანონოდ შესული ადვოკატები მსგავს ჩვენებას." - თქვა ქერაშვილმა.