ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის თქმით, ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებების დაწყებისთვის მზადაა, თუმცა არა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებული "მაქსიმალური წნეხის" სტრატეგიის პირობებში.
"[ირანზე დაწესებული] სანქციების მოხსნა მოლაპარაკებებს საჭიროებს, თუმცა არა "მაქსიმალური წნეხის" რეფორმის ფარგლებში, ვინაიდან ეს არა მოლაპარაკებები, არამედ დამორჩილება იქნებოდა". - განაცხადა არაღჩიმ.
ირანის უმაღლესმა დიპლომატმა ასევე დაამატა, რომ "ირანს არ სურს მოლაპარაკებების წარმოება ისეთ ქვეყანასთან, რომელიც პარალელურად ახალ სანქციებს უწესებს".
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება უკავშირდება ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მიერ ირანის მთავრობისადმი მოწოდებას, არ გაემართა მოლაპარაკებები ვაშინგტონთან, ვინაიდან ასეთი ნაბიკი "წინდაუხედავი" იქნებოდა. ხამენეის თქმით, აშშ-სთან მოლაპარაკება "არ არის გონივრული, ბრძნული ან ღირსეული", რასაც, მისი თქმით, ვაშინგტონთან ურთიერთობის წინარე გამოცდილება უდასტურებს.
ხამენეიმ ასევე აღნიშნა, რომ "ასეთ მთავრობასთან არანაირი მოლაპარაკებები არ უნდა იწარმოებოდეს". თუმცა, მიუხედავად ამ განცხადებებისა, გამოცემა Associated Press-ის ცნობით, ხამენეის ვაშინგტონთან მოლაპარაკებების აკრძალვის შესახებ პირდაპირი ბრძანება არ გაუცია.
როგორც AP წერს, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც, თვეების განმავლობაში ირანელი მაღალჩინოსნები მიანიშნებდნენ, რომ ისინი ტრამპისგან მესიჯს ელოდებოდნენ, სურდა თუ არა მას თეირანის მსწრაფლ განვითარებადი ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება.
თავის მხრივ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, "ირანზე მაქსიმალური წნეხის" მოსახდენად ჩამოყალიბებული განკარგულების ხელმოწერის დროსაც კი, მიანიშნა, რომ თეირანთან შეთანხმების მიღწევა სურს.
"მე ამას ხელს მოვაწერ, თუმცა, ვიმედოვნებ, რომ მისი ხშირად გამოყენება არ დაგვჭირდება. ჩვენ დავინახავთ, შეგვეძლება თუ არა ირანთან შეთანხმების მიღწევა". - თქვა ტრამპმა 4 თებერვალს ოვალურ ოფისში აღნიშნულ განკარგულებაზე ხელის მოწერისას.
"ჩვენ არ გვინდა, ირანის მიმართ ხისტები ვიყოთ, ხისტები ვიყოთ ნებისმიერის მიმართ, მაგრამ უბრალოდ არ შეიძლება, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ" - დაამატა ტრამპმა.
ტრამპის ამ განცხადებას ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი გამოეხმაურა. ფეზეშქიანის თქმით, ირანი ბირთვული იარაღის განვითარებას არ ცდილობს.
"ჩვენ არ ვცდილობთ ბირთვული იარაღის [განვითარებას]. ამის გადამოწმება მარტივი ამოცანაა". - თქვა ფეზეშქიანმა თეირანში გამართულ შეხვედრაზე, რომლებსაც უცხოელი დიპლომატები ესწრებოდნენ.
ამასთან, 4 თებერვალს ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social-ზე დაწერა, რომ "ცნობები იმის შესახებ, რომ აშშ, ისრაელთან თანამშრომლობის გზით, აპირებს, რომ ირანი ნამსხვრევებამდე ააფეთქოს, ზედმეტად გადაჭარბებულია".
"მე გაცილებით ვისურვებდი ბირთვულ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც ირანს საშუალებას მისცემდა, მშვიდობიანად განვითარებულიყო და აყვავებულიყო. ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა შევუდგეთ მუშაობას და დიდი შუა აღმოსავლური წვეულება გავმართოთ, როდესაც [შეთანხმება] დასრულდება და ხელი მოეწერება". - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.