8 თებერვალს, ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საკუთარი ელექტროენერგეტიკული სისტემების კავშირი რუსეთის ენერგოსისტემასთან გაწყვიტეს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის ენერგოოპერატორები ავრცელებენ. ეს ნაბიჯი ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების გეგმას წარმოადგენს.
ბალტიის ქვეყნები ევროპის ელექტროენერგეტიკულ ქსელში პოლონეთის გავლით ინტეგრირდებიან. ბალტიისპირა ქვეყნებსა და პოლონეთის სინქრონიზაციის პროექტში ჯამში 1.6 მილიარდი ევრო (1.7 მილიარდი დოლარი) არის ინვესტირებული, რომელთა უმეტესობა ევროკავშირის სახსრებით დაფინანსდა.
„ჩვენ ახლა ვაუქმებთ რუსეთის შესაძლებლობას, გამოიყენოს ელექტროენერგიის სისტემა როგორც გეოპოლიტიკური შანტაჟის იარაღი“ – განუცხადა AFP-ს ლიტვის ენერგეტიკის მინისტრმა, ჟიგიმანტას ვაიჩიუნასმა.
7 თებერვალს, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა, ამ ნაბიჯს X-ზე „თავისუფლებისა და ევროპული ერთობის გამარჯვება“ უწოდა.
"ლიტვა იყო პირველი სამიდან ბალტიისპირა ქვეყნების შორის, რომელმაც მოსკოვის კონტროლირებადი ელექტროენერგიის ქსელთან კავვშირი გაწყვიტა" – განაცხადა ლიტვის სახელმწიფო ქსელის ოპერატორმა Litgrid-მა.
8 თებერვალს ლატვია ფიზიკურადაც გაწყვეტს ელექტროგადამცემ ხაზს რუსეთთან.
„ჩვენ მზად ვართ, ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ახალი ერის დასაწყისისთვის“ – დაწერა ლიტვის პრემიერ-მინისტრმა გინტაუტას პალუცკასი X-ზე,
ბალტიის ქვეყნებმა დიდი ხანია დაიწყეს ევროპულ ქსელთან ინტეგრაციის მზადება, თუმცა მათ ტექნოლოგიური და ფინანსური სირთულეები ჰქონდათ. ეს პროცესი განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში ომი დაიწყო. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა შეწყვიტეს რუსული გაზისა და ელექტროენერგიის შეძენა ომის დაწყების შემდეგ, თუმცა მათი ელექტროენერგოსისტემები კვლავ რჩებოდა დაკავშირებული რუსეთთან და ბელარუსთან.