გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 7 თებერვალს მხარი დაუჭირა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახურვის იდეას, მისმა ადმინისტრაციამ შეცვალა გეგმები, რომ 10 000 თანამშრომლიდან დასაქმებული მხოლოდ 300 ადამიანი დაეტოვებინათ.
საკითხზე ინფორმირებულ სამ წყაროზე დაყრდნობით Politico წერს, რომ ახალი რიცხვი 600 იქნება.
ცნობისთვის, გამოცემა Reuters წყაროებზე დაყრდნობით მანამდე წერდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს, USAID-ის 10 000-ზე მეტი თანამშრომლიდან დასაქმებული მხოლოდ 294 დატოვოს, დანარჩენი კი სამსახურიდან გაათავისუფლოს.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, თანამშრომლების უმეტესობა, რომლებიც სამუშაოს შეინარჩუნებენ, დეპარტამენტში ჰუმანიტარული დახმარებისა და გლობალური ჯანდაცვის პროგრამების მიწოდებაზე მუშაობენ, როგორიცაა ებოლას ეპიდემიასთან ბრძოლა.
ამავე წყაროს თქმით, რამდენიმე თანამშრომელი, რომელიც ისეთ ქვეყნებში მუშაობს, როგორებიცაა ჰაიტი და უკრაინა, ასევე გააგრძელებს სამუშაოს.
Politico-ს ცნობით, სააგენტოს მიერ დასაქმებული კიდევ ათასობით ადამიანი გაურკვეველი ვადით დარჩება ანაზღაურებად შვებულებაში.
გამოცემა ასევე წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია თანამშრომლებს არ ტოვებს დეპარტამენტებში, რომლებიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის, ინკლუზიური ზრდის, პარტნიორობებისა და ინოვაციების, ასევე კონფლიქტების პრევენციისა და სტაბილიზაციის ბიუროს მიმართულებით მუშაობენ.
დონალდ ტრამპმა 20 იანვარს, გაპრეზიდენტების პირველ დღესვე, ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც საერთაშორისო განვითარების დახმარების პროგრამების 90 დღის ვადით შეჩერებას გულისხმობდა. ბრძანების საფუძველზე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა არსებული და ახალი საგარეო დახმარების პროგრამა შეაჩერა.
-
"USAID-ს შეშლილი რადიკალები მართავდნენ" – რას ებრძვის ტრამპის ადმინისტრაცია?
-
რა პროგრამებს მოიცავს USAID-ის დახმარება, რომლის "კიდევ დიდი ხნით გაჩერება" სურს კობახიძეს
თებერვლის დასაწყისში ტრამპმა სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. ხოლო რუბიომ გაიმეორა ტრამპის ადმინისტრაციის პირობა, რომ USAID-ის ფუნქციები თანხვედრაში უნდა იყოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკასთან.
5 თებერვალს ტრამპის ადმინისტრაციაში ასევე განაცხადეს, რომ საზღვარგარეთ USAID-ის პირდაპირი წესით დასაქმებული ყოველი პირი ანაზღაურებად შვებულებაში გავა, ხოლო უცხოეთში მომუშავე თანამშრომლებს აშშ-ში დააბრუნებენ.
ამასთანავე, გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, გვატემალაში აშშ-ს საელჩოში შეხვედრისას, რომელსაც ჟურნალისტები არ ესწრებოდნენ, მარკო რუბიომ USAID-ის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ საგარეო დახმარება "მთავრობის ყველაზე არაპოპულარული დანახარჯი იყო" და რომ ამ მიმართულების დაცვა მისთვის სულ უფრო რთულია.
სააგენტოს თანამშრომლებთან საუბრისას მან ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები არ ტოვებს საგარეო დახმარების პროგრამებს, თუმცა ეს უნდა იყოს ისეთი პროგრამები, რომელთა აუცილებლობის ახსნა და დაცვაც შესაძლებელი იქნება. რუბიოს თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში საგარეო დახმარებას "საფრთხე ექმნება".





