Azerbaijan Airlines

ალიევი: ავიაკატასტროფაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს ეკისრებათ

ილჰამ ალიევი
Trend.az

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, 25 დეკემბერს აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს ეკისრებათ. ამის შესახებ ალიევმა ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებთან შეხვედრისას ისაუბრა.

"სრული დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ავიაკატასტროფაში აზერბაიჯანის მოქალაქეების დაღუპვაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს ეკისრებათ. ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას, ვითხოვთ დამნაშავეთა დასჯას, ვითხოვთ სრულ გამჭვირვალობას და ადამიანურ ქცევას.

გროზნოს დროულად რომ მიეღო ზომები საჰაერო სივრცის ჩაკეტვისთვის, დაცული ყოფილიყო სახმელეთო მომსახურების ყველა წესი და კოორდინაცია შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო სამსახურებს შორის, მაშინ ეს ტრაგედია არ მოხდებოდა". - აღნიშნავს ალიევი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, რუსულმა მხარემ არ შეატყობინა თვითმფრინავის კაპიტანს საჰაერო სივრცის დაკეტვისა და გროზნოსთან მიახლოების საფრთხის შესახებ. ამასთან, ალიევმა აღნიშნა, რომ კითხვაზე თუ რატომ გაიგზავნა თვითმფრინავი ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მიმართულებით, რომელიც ასობით კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, პასუხი ამ დრომდე არ არსებობს.


2024 წლის 25 დეკემბერს, Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა. თვითმფრინავთან კავშირი რუსეთის საჰაერო სივრცეში დაიკარგა, ეკიპაჟმა კურსი შეცვალა, კასპიის ზღვას გადაუფრინა და ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტში ავარიული დაშვება სცადა. მფრინავის მცდელობის მიუხედავად, თვითმფრინავი მიწას დაეჯახა და რამდენიმე ნაწილად დაიშალა, ასევე შეჯახების შედეგად მოხდა აფეთქება. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა 38 ადამიანი, მათ შორის ორივე პილოტი, გადარჩა 26 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი.

ავიაკატასტროფიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საჰაერო სივრცეში თვითმფრინავმა გაეთიშა GPS-ი, რაც სპეციალისტების ვარაუდით ნავიგაციის დამხშობი ელექტრო სიგნალით იყო გამოწვეული, რომელსაც რუსეთის საჰაერო თავდაცვა დრონების მოსაგერიებლად იყენებს. გარდა ამისა, ჩამოვარდნილ თვითმფრინავს ეტყობა ჭურვის ნამსხვრევების მოხვედრის კვალი, სავარაუდოთ რუსეთის საჰაერო თავდაცვას აზერბაიჯანული თვითმფრინავი უკრაინული დრონი ეგონა და ბორტს მიწა-ჰაერის ტიპის ჭურვი ესროლა. ჩამოვარდნის ვერსიას ზურგს უმაგრებს ის ფაქტი, რომ იმ პერიოდში ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის საჰაერო თავდაცვა უკრაინული დრონების იერიშს იგერიებდა.

ინციდენტს გამოეხმაურა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელმაც რუსეთისგან ბოდიშის მოხდა და კომპენსაცია მოითხოვა:

"პირველ რიგში, რუსეთმა აზერბაიჯანს ბოდიში უნდა მოუხადოს. შემდეგ ბრალი უნდა აღიაროს. შემდეგ კი, დასაჯოს დამნაშავეები, დააკისროს მათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და კომპენსაცია გადაუხადოს როგორც აზერბაიჯანის სახელმწიფოს, ისე დაზარალებულ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს. ეს არის ჩვენი მოთხოვნები". 

კომენტარები