რუსეთი-აზერბაიჯანი

აზერბაიჯანი ქვეყანაში რუსული სააგენტო "რუსული სახლის" საქმიანობის შეწყვეტას აპირებს

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ რუსულ სააგენტოს, როსსოტრუდნიჩესტვოს გაუგზავნა ნოტა, რომელშიც ნათქვამია, რომ მათთვის დაქვემდებარებული რუსული სახლის საქმიანობის შეჩერებას აპირებენ.

ეს ცნობა თავდაპირველად სახელისუფლებო მედიებმა გაავრცელეს, შემდეგ კი შესაბამისი ინფორმაცია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეც გამოქვეყნდა.

"აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ასეთი ორგანიზაციების საქმიანობა რეგულირდება ეროვნული კანონმდებლობის, ქვეყნებს შორის ურთიერთგაგების პრინციპისა და ორმხრივ საფუძველზე მიღწეული შეთანხმებათა მოთხოვნების შესაბამისად.

რუსული მხარის ინფორმირების შემდეგ, რომ რუსული საინფორმაციო და კულტურული ცენტრი რუსული სახლი, რომელიც როსსოტრუდნიჩესტვოს წარმომადგენელია აზერბაიჯანში, არაა დარეგისტრირებული იურიდიულ პირად და ორგანიზაციამ სერიოზულად დაარღვია აზერბაიჯანის კანონმდებლობა, 2025 წლის 3 თებერვალს რუსულ მხარეს გაეგზავნა ნოტა რუსული სახლის საქმიანობის შეჩერების შესახებ.

ამრიგად, აზერბაიჯანული მხარის გადაწყვეტილების შესაბამისად, შეწყვიტოს რუსული სახლის საქმიანობა ჩვენს ქვეყანაში, რუსული მხრიდან ველით შესაბამისი ზომების მიღებას ამ მიმართულებით." - წერია ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

როსსოტრუდნიჩესტვოს ხელმძღვანელმა, ევგენი პრიმაკოვმა რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია ТАСС-თან საუბარში დაადასტურა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მართლაც მოითხოვა სააგენტოს წარმომადგენლობის ქვეყანაში დარეგისტრირება, რადგან მას ახლა იურიდიული რეგისტრაცია არ გააჩნია. თუმცა, მას პირდაპირ არ უთქვამს, რომ რუსული სახლის დახურვა მოითხოვეს. რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია РИА Новости-ის როსსოტრუდნიჩესტვოს ბაქოს წარმომადგენლობაში უთხრეს, რომ ამჟამად რუსული სახლი მუშაობას "ნორმალურ რეჟიმში" აგრძელებს. პრიმაკოვის მტკიცებით, მოსკოვი რუსული სახლის რეგისტრაციისთვის მუდამ მზად იყო, თუმცა მათი მიმართვები პასუხგაუცემელი რჩებოდა.

აზერბაიჯანული მედია Report-ი წერს, რომ გადაწყვეტილება უკავშირდება ხელისუფლების მიდგომას, რომ აზერბაიჯანი "აგრძელებს საკუთარი ნაციონალური ინტერესების დაცვის თანმიმდევრულ კურსს და ახდენს დემონსტრირებას, რომ არ აპირებს აიტანოს საგარეო ჩარევა საკუთარ საშინაო საქმეებში". აქვე აღნიშნულია, რომ აქამდე ბაქომ საკუთარ ტერიტორიაზე საქმიანობის შეწყვეტა ამერიკულ USAID-საც მოსთხოვა. USAID-ი ამჟამად, პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ბრძანების შესაბამისად, რეორგანიზაციის პროცესშია და პროგრამების დიდი რაოდენობა შეაჩერეს.

აქამდე სამთავრობო არხმა, Baku.tv-მ გამოაქვეტნა რეპორტაჟი, რომელიც აზერბაიჯანში რუსული სახლის მუშაობას ეხებოდა. მასალაში სააგენტოს თანამშრომლები არამეგობრულ და ჯაშუშურ საქმიანობაში იყვნენ დადანაშაულებულები. როსსოტრუდნიჩესტვოს ხელმძღვანელმა, ევგენი პრიმაკოვმა მაშინ რუსული სახლი დაიცვა და ირწმუნებოდა, რომ მხოლოდ განათლების, კულტურისა და მეცნიერების სფეროებში საქმიანობდნენ.

მოსკოვსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ფაქტობრივად დადასტურდა, რომ აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც გროზნოსკენ მიფრინავდა, რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ დააზიანა და ის აკტაუში, ყაზახეთში ჩამოვარდა.

როსსოტრუდნიჩესტვო არის ფედერალური სააგენტო, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება. ჟურნალი ხოლოდის მიხედვით, მისი მიზანია უცხოეთში "თანამემამულეებთან ურთიერთობა", "მსოფლიოში რუსეთის ჰუმანიტარული გავლენის გაძლიერება" და "თანამედროვე რუსეთზე ობიექტური იდეის საზღვარგარეთ გავრცელების ხელშეწყობა". რუსული სახლები ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ჯერ კიდევ მოქმედებს.

კომენტარები