სირია-რუსეთი

სირიის ახალი მთავრობა: რუსეთს ბაზების შენარჩუნება შეეძლება, თუ სირია სარგებელს მიიღებს

სირიის გარდამავალი ხელისუფლების თავდაცვის მინისტრი მუჰრაფ აბუ ქასრა
AP

სირიის გარდამავალი მთავრობის თავდაცვის მინისტრის, მურჰაფ აბუ კასრას თქმით, ხელისუფლება მზად არის შეინარჩუნოს რუსული სამხედრო ბაზები, თუ ეს ქვეყნის ინტერესებს უპასუხებს. მინისტრმა გამოცემა The Washington Post-თან ინტერვიუში ილაპარაკა.

"[რუსეთს ბაზების შენარჩუნება შეეძლება] თუ ჩვენ სირიისთვის აქედან სარგებელს მივიღებთ, დიახ". – თქვა აბუ კასრამ.

მინისტრის თქმით, რუსეთის დამოკიდებულება ახალი სირიული ხელისუფლების მიმართ გაცილებით გაუმჯობესდა, მას მერე, რაც 2024 წლის დეკემბერში ასადის რეჟიმი დაეცა. "პოლიტიკაში არ არსებობს მუდმივი მტრები". – ამატებს აბუ კასრა, რომელიც სამოქალაქო ომის პერიოდში რუსული ჯარის წინააღმდეგ იბრძოდა.

როგორც The Washington Post აღნიშნავს, რუსეთს ამ წუთას გააჩნია ის, რაც სირიას ყველაზე მეტად სურს – წინა რეჟიმის პრეზიდენტი, რუსეთში გაქცეული ბაშარ ასადი. ინტერვიუს მსვლელობისას მინისტრს არ დაუდასტურებია, მოსთხოვა თუ არა გარდამავალმა მთავრობამ მოსკოვს ასადის გადმოცემა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე ასადის პასუხისმგებლობაში მიცემის საკითხი განიხილებოდა.

"როდესაც ბაშარ ასადმა რუსეთში წასვლა გადაწყვიტა, მას ეგონა, რომ ჩვენ ვერ შევძლებდით რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას. იქნებ (რუსეთთან) ისე ურთიერთობები აღდგეს, რომლებიც პირველ რიგში სირიის და არა რუსეთის ინტერესებს უპასუხებენ". – თქვა მინისტრმა.

აბუ კასრამ ასევე თქვა, რომ სირია ამერიკული და თურქული ბაზების განთავსებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

28 იანვარს სირიას ეწვია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ ბოგდანოვი. შეხვედრაზე გარდამავალმა მთავრობამ რუსეთს "წარსული შეცდომების" გათვალისწინებისკენ მოუწოდა, ასევე კომპენსაციები მოსთხოვა. შეხვედრის შემდეგ ბოგდანოვმა განაცხადა, რომ სირიაში რუსული ბაზების საკითხი ბოლომდე არ გარკვეულა.

კომენტარები