სირია-რუსეთი

Bloomberg: სირიის ახალმა რეჟიმმა რუსეთს შეხვედრაზე კომპენსაციის გადახდა მოსთხოვა

მიხაილ ბოგდანოვი

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, სირიის ახალმა რეჟიმმა ბაშარ ალ-ასადის დამხობისა და გაქცევის შემდეგ კრემლის დელეგაციასთან გამართულ პირველ შეხვედრაზე რუსეთისგან კომპენსაციის გადახდა მოითხოვა.

"დიალოგის დროს ხაზი გაესვა კომპენსაციის, რეკონსტრუქციისა და აღდგენის მეშვეობით სირიელ ხალხთან ნდობის აღდგენაში რუსეთის როლს ". - წერია სირიის მხარის განცხადებაში მას შემდეგ, რაც დამასკოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხაილ ბოგდანოვთან, შეხვედრა გაიმართა.

სირიული მხარის განცხადებაში დაკონკრეტებული არ იყო, თუ რა სახის კომპენსაციას ითხოვს სირია რუსეთისგან. 28 იანვარს გამართულ შეხვედრებს ბოგდანოვმა კონსტრუქციული უწოდა, თუმცა დაამატა, რომ "ესმით, თუ როგორი რთულია ვითარება".

ამას გარდა, სირიული მხარის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნახსენები არ იყო ორი მთავარი რუსული სამხედრო ბაზა სირიაში, რომლებზეც კონტროლის შენარჩუნებას რუსეთი ცდილობს. რუსული სამთავრობო მედია Tass-ის ინფორმაციით, ბოგდანოვმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ ამ საკითხზე პროგრესი არ ყოფილა და რომ ამ მხრივ დამატებითი მოლაპარაკებების წარმოება კვლავ საჭიროა.

ამასთანავე, გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთთან გამართულ დისკუსიაზე ინფორმირებულმა სირიულმა წყარომ თქვა, რომ სირიის ახალი რეჟიმის ლიდერმა, აჰმედ ალ-შარაამ, რუსეთს სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის გადაცემა მოსთხოვა.

27 იანვარს, რადიო თავისუფლების რუსული განყოფილების კორესპონდენტმა, მარკ კრუტოვმა დაწერა, რომ სირიის პორტ ტარტუსიდან რუსული სატვირთო გემის Sparta II-ის გამგზავრებასთან ერთად "დიდი რაოდენობით" რუსული სამხედრო აღჭურვილობა გაქრა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 22 იანვარს ტარტუსის პორტში ორი ხომალდი - Sparta და Sparta II - ჩავიდნენ, სადაც ასობით ერთეული რუსული მძიმე შეიარაღება, არტილერია, სამხედრო მანქანა და საბრძოლო მასალები კვირების მანძილზე იყო განლაგებული რუსი სამხედროების მეთვალყურეობის ქვეშ და გადაზიდვას ელოდებოდა.

გემებს პორტში შესვლის უფლება ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ მისცეს, სავარაუდოდ, სირიიდან დიდი რაოდენობით რუსული სამხედრო შეიარაღების გატანის მიზნით.

რადიო თავისუფლების მიხედვით, ჯერჯერობით უცნობია, თუ სად აპირებს რუსეთი აღნიშნული აღჭურვილობის გადატანას, თუმცა ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთმა ამისთვის ლიბია შეარჩია, თუმცა სხვა ვარიანტებად ასევე სუდანი და ალჟირიც განიხილება.

22 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიის ახალმა რეჟიმმა რუსულ კომპანია Stroytransgaz-ს და სირიულ პორტ ტარტუსს შორის 49-წლიანი შეთანხმება გააუქმა. ამავე დღეს, ზემოხსენებული Sparta-ს გემები ტარტუსის პორტში შევიდნენ მას შემდეგ, რაც მათ სირიის სანაპიროსთან კვირების მანძილზე მოუწიათ ყოფნა.

პორტის საბაჟოს დირექტორის თქმით, "რუსულ კომპანიასთან საინვესტიციო ხელშეკრულება გაუქმებულია და მისი ყველა შემოსავალი სირიის სახელმწიფოს სარგებლობაში ბრუნდება". – წერს სირიული გაზეთი Al-watan.


2019 წლის აპრილში რუსეთის ვიცეპრემიერმა იური ბორისოვმა ტარტუსის პორტის 49-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. ამავე ვადით გაფორმდა საინვესტიციო ხელშეკრულება კომპანია "Stroytransgaz"-თან, რომლის მთავარი ბენეფიციარიც გენადი ტიმჩენკოა. 

ხელშეკრულების პირობების თანახმად, რუსულმა კომპანიამ პირობა დადო, რომ პორტის მოდერნიზაციაში 500 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებდა, თუმცა, სირიული გამოცემების მტკიცებით, რუსულმა მხარემ პორტის მოდერნიზება არ მოახდინა.

Al-watan-ის მიხედვით, სირიის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პორტის მუშაობა გააქტიურდა და ტარტუსში მშრალი ტვირთის გემები სხვა ქვეყნებიდან ჩადიან.

რუსეთი 2015 წლიდან ასადის რეჟიმის დასახმარებლად სამოქალაქო ომში იყო ჩართული. რუსეთს სირიაში განლაგებული ჰყავს სამხედრო ნაწილები და აკონტროლებს საზღვაო და საავიაციო ბაზებს ტარტუსსა და ხმეიმიმში.

გამომცემლობა Al Alarabiya-ს ინფორმაციით, სირიის ხელისუფლებამ ასევე აკრძალა რუსეთიდან, ირანიდან და ისრაელიდან საქონლის იმპორტი. გამომცემლობის თქმით, მოხდება ამ ქვეყნებიდან შემოტანილი პროდუქციის კონფისკაცია.

კომენტარები