საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა ენმ-ის საქმიანობის შემსწავლელი კომისიის წევრების რაოდენობა განსაზღვრა

ივანიშვილის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2003-2012 წლებში ნაციონალური მოძრაობისა და მისი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის წევრების რაოდენობა განსაზღვრა. 

კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის თქმით, კომისია 10 წევრისგან უნდა შედგებოდეს.

"გთავაზობთ, რომ ფრაქცია ქართული ოცნება 5 წევრით იყოს წარმოდგენილი. ოპოზიციურ ნაწილს რაც შეეხება: ხალხის ძალას ჰყავდეს 2 წევრი, ევროპელ სოციალისტებს კი 1 - 2 ადგილი პარლამენტის უფრაქციო წევრებს დარჩებათ. იგივე, ოპოზიციურ ფლანგს, რომელიც, ჯერჯერობით, პარლამენტში შემოსული არ არის, თუმცა მათი სურვილიც არ არის ნათელი, სამომავლოდ რას აპირებენ. ასე რომ, მათი პარლამენტში შემოსვლის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ, ეს კვოტა 2 წევრით შეავსონ". - თქვა მათიკაშვილმა.

საკითხს საპროცედურო კომიტეტის ყველა წევრმა მხარი დაუჭირა.

ქართულმა ოცნებამ "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია" შექმნა.

დადგენილებით, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა განსაზღვრულია სამი თვით. თუ საგამოძიებო კომისია რეგლამენტით გათვალისწინებულ 3 თვეში ვერ მოასწრებს თავის საქმიანობას, ამავე რეგლამენტის გათვალისწინებით, მისი ვადა გაგრძელდება, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა.

კომენტარები