დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

Reuters: ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს, USAID-ის 10 000 თანამშრომლიდან 294 დასაქმებული დატოვოს

გამოცემა Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) 10 000-ზე მეტი თანამშრომლიდან დასაქმებული მხოლოდ 294 დატოვოს, დანარჩენი კი სამსახურიდან გაათავისუფლოს.

Reuters-ის საკითხზე ინფორმირებული წყაროების თქმით, სააგენტოში მხოლოდ 294 თანამშრომელი შეინარჩუნებს სამუშაოს, მათგან 12 აფრიკის განყოფილებაში, ხოლო 8 აზიის განყოფილებაშია.

დონალდ ტრამპმა 20 იანვარს, გაპრეზიდენტების პირველ დღესვე, ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც საერთაშორისო განვითარების დახმარების პროგრამების 90 დღის ვადით შეჩერებას გულისხმობდა. ბრძანების საფუძველზე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა არსებული და ახალი საგარეო დახმარების პროგრამა შეაჩერა.

3 თებერვალს ტრამპმა სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. ხოლო რუბიომ გაიმეორა ტრამპის ადმინისტრაციის პირობა, რომ  USAID-ის ფუნქციები თანხვედრაში უნდა იყოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკასთან.

5 თებერვალს ტრამპის ადმინისტრაციაში ასევე განაცხადეს, რომ საზღვარგარეთ USAID-ის პირდაპირი წესით დასაქმებული ყოველი პირი ანაზღაურებად შვებულებაში გავა, ხოლო უცხოეთში მომუშავე თანამშრომლებს აშშ-ში დააბრუნებენ.

ამასთანავე, გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, გვატემალაში აშშ-ს საელჩოში შეხვედრისას, რომელსაც ჟურნალისტები არ ესწრებოდნენ, მარკო რუბიომ USAID-ის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ საგარეო დახმარება "მთავრობის ყველაზე არაპოპულარული დანახარჯი იყო" და რომ ამ მიმართულების დაცვა მისთვის სულ უფრო რთულია.

სააგენტოს თანამშრომლებთან საუბრისას მან ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები არ ტოვებს საგარეო დახმარების პროგრამებს, თუმცა ეს უნდა იყოს ისეთი პროგრამები, რომელთა აუცილებლობის ახსნა და დაცვაც შესაძლებელი იქნება. რუბიოს თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში საგარეო დახმარებას "საფრთხე ექმნება".

კომენტარები