ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების თქმით, თუ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მუქარას შეასრულებს და ევროპულ საქონელზე ტარიფებს დააწესებს, ბლოკი საპასუხო ნაბიჯებისთვის მზად იქნება. ამის შესახებ მათ ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრეს.
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის თქმით, ევროკავშირი ტრამპის სიტყვებს "ყურადღებით ეკიდება და საპასუხო ზომებისთვის" ემზადება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ თუ ევროპას ვაჭრობის კუთხით "თავს დაესხმებიან, მოუწევს რეაგირება მოახდინოს".
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის შეფასებით, ნებისმიერი ტარიფის დაწესება "ცუდი იქნება როგორც აშშ-სთვის, ასევე ევროპისთვის". მისი თქმით, სიტუაციის მოსაგვარებლად აუცილებელია თანამშრომლობა.
პოლონეთის პრემიერის, დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა თავიდან აიცილოს "სრულიად არასაჭირო და სულელური სატარიფო ომები". მისი შეფასებით, "სასტიკი პარადოქსი" იქნება, თუ ბლოკი იძულებული გახდება, დიდი ხნის მოკავშირესთან სავაჭრო ომში ჩაებას.
დანიის პრემიერმინისტრის, მეტე ფრედერიკსენის თქმით, დანია არასდროს დაუჭერს მხარს მოკავშირეებს შორის დაპირისპირებას, თუმცა, "თუ აშშ ტარიფებს დააწესებს, ევროპას ერთიანი და მტკიცე პასუხის გაცემა" მოუწევს.
ლუქსემბურგის პრემიერი, ლუკ ფრიდენის თქმით, "ტარიფებზე პასუხი არის ანალოგიური ქმედებით პასუხის დაბრუნება".
ფინეთის პრემიერმა, პეტერი ორპომ კი აღნიშნა, რომ აუცილებელია, რომ ევროპამ ტრამპთან მოლაპარაკებები აწარმოოს.
ტრამპმა ბოლო პერიოდში სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ტარიფების მუქარის ხშირი გამოყენება დაიწყო, რისი პირველი სამიზნეც კანადა და მექსიკა გახდნენ. ტრამპმა გამოაცხადა, რომ 1-ელი თებერვლიდან მეზობელი ორი ქვეყნის წინააღმდეგ 25%-იან ტარიფს დააწესებს, არალეგალური იმიგრაციისა და საზღვარზე ნარკოტიკების კონტრაბანდის გადატანის მხრივ არსებული პრობლემების გამო.
30 იანვარს ტრამპი 100%-იანი ტარიფების დაწესებით განმეორებით დაემუქრა BRICS-ის წევრ ქვეყნებსაც, მათ შორის, ბრაზილიას, რუსეთის, ინდოეთსა და ჩინეთს, თუკი ისინი სარეზერვო ვალუტად ამერიკული დოლარის ჩანაცვლებას შეეცდებიან.
ტარიფების მუქარა აშშ-ს პრეზიდენტმა ჩინეთის წინააღმდეგაც გამოიყენა, რადგან იგი მიიჩნევს, რომ აშშ-ში ფენტანილის კონტრაბანდის აღკვეთის მხრივ ჩინეთი საკმარის ძალისხმევას არ დებს. ტრამპი ტარიფებით დაემუქრა დანიასაც, თუ მისი მთავრობა აშშ-სთვის გრენლანდიის დათმობაზე არ დათანხმდებოდა.
მან ასევე ტარიფების მუქარას მიმართა კოლუმბიის წინააღმდეგაც, როდესაც პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ უარი თქვა აშშ-დან გაგზავნილი ორი სამხედრო თვითმფრინავის მიღებაზე, რომელშიც დეპორტირებული მიგრანტები იმყოფებოდნენ.
- კოლუმბიამ აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტების ორი სამხედრო თვითმფრინავი არ მიიღო
-
ტრამპმა კოლუმბიას ტარიფები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა მიგრანტების მიღებაზე დავის გამო
პეტროს მიერ გადადგმული ნაბიჯის შემდეგ ტრამპმა ყველა კოლუმბიურ პროდუქტზე საგანგებო 25%-იანი ტარიფის დაწესების ბრძანება გასცა, ხოლო ქვეყნის მთავრობის წევრების, ასევე მათი მხარდამჭერებისა და ოჯახების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვები დააწესა. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გააუქმა, რაც ორივე მხარე კოლუმბიელი მიგრანტების აშშ-დან დეპორტაციის პროცესზე შეთანხმდა.





