იაპონური მედიაგამოცემა Shūkan Bunshun იუწყება, რომ 26 იანვარს "საქართველოს პუტინისტი დიქტატორის", ბიძინა ივანიშვილის უფროსი შვილი იაპონიაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ ლეჟავას რესტორანში შეხვდა.
გამოცემა ავრცელებს შეხვედრის ამსახველ ფოტო მასალასაც, სადაც ჩანს ლეჟავა, თუმცა დაფარულია "ივანიშვილის უფროსი შვილის", უტა ივანიშვილის სახე.
Shūkan Bunshun-ის მტკიცებით, შეხვედრა დაახლოებით ერთი საათს გაგრძელდა, რომლის ბოლოსაც ლეჟავამ ივანიშვილს დიდი შავი ჩანთა გადასცა და უთხრა, რომ - "აქ არ გახსნა, იმედი მაქვს გამოგადგება".
გამოცემა ყურადღებას ამახვილებს ბოლო ერთ წელიწადში იაპონიაში უტა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე. მაგალითად, მედიაგამოცემა წერს, რომ 2024 წლის ზაფხულში უტა ივანიშვილმა 500-550 მილიონი იენის (დაახლოებით 3.5 მილიონი აშშ დოლარის) ღირებულების მდიდრული აპარტამენტი შეიძინა ტოკიოს ცენტრალურ უბანში.
სტატიაში ასევე, ხაზგასმულია უტა ივანიშვილის მიერ აშშ-ს მხრიდან მამის დასანქცირების შემდეგ, იაპონიაში ახალი სააქციო საზოგადოების - ატუ ჰოლდინგსის დაარსების შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, სანქციებისგან ქონების გადამალვის მიზანს ემსახურება. ეს ინფორმაცია 2025 წლის იანრვარში რადიო თავისუფლებამ გაავრცელა.
გამოცემამ შეძლო იაპონიაში უტას ნაცნობთან გასაუბრება, რომელიც Shūkan Bunshun-ს უყვება, რომ ივანიშვილი ჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭია, მას აინტერსებს ვიდეო თამაშები და უყვარს "მაფიას" თამაში. ასევე, ნაცნობი ამბობს, რომ უტა ხშირად დადის სხვადასხვა ბარებში სოციალურ შეკრებებზე, საკუთარი სოციალური წრის გასაზრდელად იყენებს SNS და გაცნობის აპლიკაციებს და მას სახლში რამდენჯერმე აქვს მოწყობილი წვეულება თავისი რუსი მეგობრებისთვის.
2 თებერვალს Shūkan Bunshun-ის ჟურნალისტმა სცადა უტა ივანიშვილთან გასაუბრება. საუბრის ამსახველ ვიდეოში კვლავ დაფარულია უტას სახე. ის ამბობს, რომ ატუ ჰოლდინგსის შესახებ მან არაფერი იცის და ის ტოკიოში ვიდეო თამაშების დიზაინერად მუშაობს, ერთ-ერთ პატარა სტარტაპში.
"არ მინდა მამაჩემზე საუბარი, არ მინდა პირად კითხვებს ვუპასუხო" - ასე უპასუხა, გამოცემის მიხედვით, უტა ივანიშვილმა ბიძინა ივანიშვილისა და აშშ-ის სანქციების შესახებ დასმულ შეკითხვებს.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ შესაძლოა, მალე უტა ივანიშვილიც მოექცეს სანქციების ქვეშ.