საქართველოს პარლამენტი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები II მოსმენით დათქმებით მიიღეს

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები პარლამენტმა II მოსმენით დათქმებით მიიღო. 

ცვლილებების ინიციატორის, არჩილ გორდულაძის შეთავაზებით, გარკვეული ნაწილების კენჭისყრა გადაიდო. 

"ადამიანის უფლებათა ჭრილში რომ შევხედოთ საკითხს, მეტი გარანტიებისათვის, ასევე პროცედურული საკითხების უკეთ გააზრებისათვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის I მუხლის მე-8, მე-10, მე-11 და მე-12 ნაწილების კენჭისყრა გადავდოთ, მე-3 მოსმენის ფორმატში როდესაც გვექნება განხილვა, [...] გამომდინარე კანონპროექტები, რომლებიც გულისხმობს ცვლილებებში ცვლილბებს, ადმინისტრაციულ სამართადარღვევათა კოდექსში საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ყველა ამ კანონპროექტში I მუხლის კენჭისყრები გადავდოთ" - თქვა გორდულაძემ. 

იანიშვილის წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ფორმულირების დასაზუსტებლად კომიტეტებში განხილვები გაიმართება. 

"ამ პაკეტში შედის 8 პროექტი, 5 პროექტთან არის დაკავშირებული ეს დათქმა, გთავაზობთ, რომ ცალცალკე ვუყაროთ კანონპროექტებს შესაბამისი დათქმებით" - თქვა პაპუაშვილმა.

ცვლილბების ამჟამად არსებული რედაქციის მიხედვით, I მუხლის მე-8 ნაწილი გულისხმობს:

"სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. 

იმავე პირთა "სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით  – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით".

ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე დანანშაულის ჩადენა - გამოიწვევს დაჯარიმებას 3 500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 60 დღემდე ვადით.

I მუხლის მე-10 ნაწილი შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში ცვლილებას გულისხმობს. 

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.  იმავე ქმედების შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორის მიერ ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 

სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ჩატარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. 

მე-11 და მე-12 მუხლები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის ორგანოებს ეხება 

მათ შორის მოიცავს შემდეგ ჩანაწერს:

ჩამოთვლილი მუხლების შესაბამისად, "თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს". 

კომენტარები