კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

კონგოში ციხიდან გაქცეულებმა 100-ზე მეტი ქალი პატიმარი გააუპატიურეს და ცოცხლად დაწვეს – UN

გავრცელებული კადრები ასახავს ციხიდან პატიმრების გაქცევის მომენტს - ციხის შენობიდან შავი კვამლი ამოდის
Via BBC

გაეროს ცნობით, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ გომაში ციხიდან გაქცეულმა პატიმრებმა 100-ზე მეტი ქალი პატიმარი გააუპატიურეს და ცოცხლად დაწვეს.

გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც ქალაქზე 23 მარტის მოძრაობის (M23) ამბოხებულთა ჯგუფმა დაამყარა კონტროლი, მუნზენზეს ციხიდან ასობით პატიმარი გაიქცა. 

ციხიდან გაქცევის დროს, გაეროს დოკუმენტის თანახმად, მამაკაცმა პატიმრებმა 165-167 ქალ პატიმარზე სექსუალურად იძალადეს. 

ამავე ანგარიშის მიხედვით, ქალი პატიმრების უმეტესობა მას შემდეგ დაიღუპა, რაც გაქცეულმა მამაკაცმა პატიმრებმა ციხის შენობას ცეცხლი წაუკიდეს. 

ცნობისთვის, 27 იანვარს რუანდის მიერ მხარდაჭერილი ამბოხებულები კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში, საზღვართან მდებარე ყველაზე დიდ ქალაქ გომაში შევიდნენ. გაეროს ცნობით, ამბოხებულებს ეხმარებოდა, სულ მცირე, რამდენიმე რუანდელი ჯარისკაცი.

გამოცემა Reuters-ის შეფასებით, ეს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუანდას შორის ათზე მეტი წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის ყველაზე მკვეთრი ესკალაციაა.

ამბოხებულთა გაერთიანებამ, რომელსაც 23 მარტის მოძრაობის (M23) სამხედრო დაჯგუფება ხელმძღვანელობს, აიღო 2 მილიონი ადამიანით დასახლებული ქალაქი, რომელიც მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირის თავშესაფარია და რუანდასთან საზღვარზე მდებარეობს.

Reuters-ს 23 მარტის მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა დაუდასტურა, რომ მათი ძალები ქალაქ გომას აკონტროლებენ.

მანამდე, კონგოს მთავრობის ერთ-ერთი მინისტრი აცხადებდა, რომ კონგოს არმია გომას 80%-ს აკონტროლებდა და ამბოხებულებმა მხოლოდ ქალაქის შემოგარენში და საზღვრის მიმდებარედ შეძლეს შემოსვლა, თუმცა, პარალელურად, კონგოს ხელისუფლების ანონიმური წარმომადგენელი ამბობდა, რომ ამბოხებულები ქალაქის 90%-ს აკონტროლებდნენ.

კომენტარები